ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, მსოფლიო ბანკის Doing Business-ის რეიტინგში, საქართველომ ქულების მიხედვით ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია, თუმცა, „აშშ-მა ამ ეტაპზე ოდნავ მეტი გააკეთა, ვიდრე საქართველომ“ და ამიტომ გვისწრებს ერთი პოზიციით.
24 ოქტომბერს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ნათია თურნავამ თქვა, რომ საქართველოს 10 ძირითადი ინდიკატორიდან 8-ში გაუმჯობესებული ქულები აქვს, რეიტინგის მიხედვით რჩება რეგიონალურ ლიდერად და ევროპის და ცენტრალური აზიის 23 ქვეყანას შორის კვლავ პირველ ადგილზეა.
თურნავას განმარტებით: „2020 წლის ბიზნესის კეთების რეიტინგში საქართველომ გააუმჯობესა შეფასების ზღვართან მიახლოებული ქულა, რომელიც ახლა არის 83.7. ეს არის ისტორიულად მაღალი ქულა საქართველოსთვის".
"რაც შეეხება რეიტინგში დაკავებულ ადგილს, საქართველო მე-7 ადგილზე გავიდა, მიუხედავად იმისა, რომ ქულა არის გაუმჯობესებული და აქ უნდა ითქვას, რომ აშშ-მა გაგვასწრო ერთი ადგილით. ასე რომ დღესდღეობით კონკურენციაში ვართ, ვინ არის უფრო გახსნილი და თავისუფალი, აშშ თუ საქართველო. ერთი ადგილით გვისწრებს აშშ, მაგრამ ჩვენი ქულა არის გაუმჯობესებული და ისტორიულ მაქსიმუმს აღწევს“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
რაც შეეხება კონკრეტულ მიმართულებებს, სადაც საქართველოს ქულები გაუმჯობესებულია, ნათია თურნავას თქმით, ბიზნესის დაწყების ინდიკატორში, საქართველოს თითქმის მაქსიმალური 100 ქულა აქვს.
"მშენებლობის ნებართვების ინდიკატორი, ელექტროენერგიის ქსელთან მიერთება, სადაც ყველგან გაუმჯობესება გვაქვს. ქონების რეგისტრაცია, მინორიტარულ ინვესტორთა უფლებების დაცვა, გადასახადების გადახდის პროცესი, ვაჭრობა საზღვრებს მიღმა, ანუ 8 ძირითადი ინდიკატორი 10-დან არის გაუმჯობესებული. დანარჩენ ორში არ გვაქვს ცვლილება და ეს არის ძირითადად ის შეფასებები, რამაც განაპირობა ჩვენი ჯამური ქულის ზრდა. ისევ ვრჩებით ლიდერებს შორის. აშშ-მა ამ ეტაპზე ოდნავ მეტი გააკეთა ვიდრე საქართველომ“, - განაცხადა თურნავამ.
მსოფლიო ბანკმა 24 ოქტომბერს გამოაქვეყნა ტრადიციული რეიტინგი Doing Business, რომელიც აჩვენებს, რამდენად მარტივია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ბიზნესის წარმოება.
საქართველო რეიტინგში მოწინავე პოზიციებს ინარჩუნებს, თუმცა, მეექვსედან მეშვიდე ადგილზე გადავიდა.