Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მამუკა ხაზარაძე: „მუქარის წერილის“ პროკურატურისთვის გადაცემამდე ომბუდსმენთან კონსულტაციები მიმდინარეობს


საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელი, მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ „მუქარის წერილის“ დედნის პროკურატურისთვის გადაცემასთან დაკავშირებით, დაზღვევის მექანიზმზე სახალხო დამცველთან კონსულტაციები მიმდინარეობს.

„ერთ-ერთი ვარიანტია, რომ სახალხო დამცველი ჩავრთოთ ამაში. ჩვენი იურისტები მოიფიქრებენ სქემას. მედიას ვთხოვ, რომ აქტიურად ჩაერთოს ამ პროცესში, რათა პროცესი იყოს გამჭვირვალე. ყველა ექსპერტული დასკვნა ჩამოსულია თბილისში. ურთულესი ექსპერტიზა ჩატარდა. როდის გადავცემთ პროკურატურას წერილს, ჩვენი ადვოკატები მოგახსენებენ“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის ადვოკატმა, ეკა ეგუტიამ 10 სექტემბერს რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ლონდონში დასრულდა იმ წერილის ექსპერტიზა, რომელიც, მამუკა ხაზარაძის მტკიცებით, მას საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, იმჟამინდელმა შს მინისტრმა გიორგი გახარიამ შუამავლის ხელით გაუგზავნა და რომელიც მუქარას შეიცავს.

ეკა აგუტიას განცხადებით, წერილის ორივე გვერდზე აღმოჩნდა ათეულობით ანაბეჭდი, რომლებიც ახლა უკვე საქართველოს პროკურატურამ უნდა შეადაროს საქართველოს მოქალაქეთა თითის ანაბეჭდების ბაზაში არსებულ მონაცემებს. თუმცა, ადვოკატის განცხადებით, შიშობენ, რომ შეიძლება წერილის დედანი პროკურატურაში განადგურდეს და ამიტომ მის გადაცემას არ ჩქარობენ.

მამუკა ხაზარაძემ 4 მარტს, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ მას შს მინისტრმა გიორგი გახარიამ მუქარის შემცველი წერილი გაუგზავნა.

„პირდაპირი მუქარით გვეუბნება, რომ ჩვენ რეპუტაციას დაანგრევენ ადგილზე და საერთაშორისო ასპარეზზე“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას. ხაზარაძემ წერილის ასლი გამოძიებას საქალაქო სასამართლოში გამოკითხვისას გადასცა.

პროკურატურის განცხადებით, „მამუკა ხაზარაძემ ფარატინა ფურცელი წარმოადგინა“. „მუქარის წერილთან“ დაკავშირებით პროკურატურას გამოძიება არ დაუწყია.

წერილის მიხედვით, მამუკა ხაზარაძისგან მოითხოვდნენ, რომ „ტვ პირველს“ ხელისუფლების მხარდამჭერი პოლიტიკა გაეტარებინა, თავად ხაზარაძეს გაევრცელებინა წერილი, რომლითაც „ნაციონალურ მოძრაობას“ გააკრიტიკებდა და ტელეკომპანია „არტარეას“ „ობიექტურობის მაღალი ხარისხი ეჩვენებინა“.

XS
SM
MD
LG