საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს 16 დეკემბრიდან დაცვა აღარ ეყოლება.
„ინტერპრესნიუსთან“ საუბარში გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომახალი ჩანაწერი კანონში პერსონალურად მასზე მორგებული ცვლილებაა.
„მე ამას ვუკავშირებ თავიდან ბოლომდე ინსტიტუტის დაკნინების უკვე სტანდარტულ ტრადიციას „ქართული ოცნების“ მხრიდან. ეს არის უკვე პოლიტიკად ქცეული ინსტიტუტის დაკნინების მცდელობა. რა უნდა მიკვირდეს? კონსტიტუცია შეცვალეს, რათა ჩემთვის რაღაცა ანგარიში გაესწორებინათ და ესეც ბუნებრივია, გაკეთდება. უნდა ჰყავდეს დაცვა ან არ უნდა ჰყავდეს, ეს სხვა თვალსაზრისით გადასაწყვეტია, მაგრამ ამ კონტექსტში მე ამას ასე ვხედავ. მარტო ეს ხომ არ არის?! ყოფილ დეპუტატს თუ აქვს პენსია, ყოფილ პრეზიდენტს რატომ არ უნდა ჰქონდეს და ა.შ. პირველი სერიიდან თუ ვლაპარაკობთ, ეს სხვა არის, მაგრამ თუ ვლაპარაკობთ ზოგადად იქიდან, რაც წლების განმავლობაში კეთდებოდა და საითკენაც მთელი პოლიტიკა მიდიოდა, მაშინ გასაგებია ეს კონტექსტი“, - განაცხადა მარგველაშვილმა.
კანონმდებლობის თანახმად, უფლებამოსილების ვადის გასვლიდან 1 წლის შემდეგ მაღალი თანამდებობის პირები, მათ შორის ყოფილი პრეზიდენტი „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის“ დასაცავ პირთა სიაში აღარ ირიცხება და შესაბამისად, მას დაცვა ეხსნება.