Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თამთა თოდაძის ადვოკატი: ჯიშკარიანისთვის შეფარდებული ღონისძიება მისთვის შემაკავებელი ვერ იქნება


კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსში“ საკრებულოს წევრის სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული ილიას ჯიშკარიანის სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, თამთა თოდაძის ადვოკატმა თამარ ლუკავამ განაცხადა, რომ პროკურორმა თავისი შუამდგომლობისას აღნიშნა, რომ არსებობდა მოწმეებზე ზემოქმედების მცდელობა და მტკიცებულებათა განადგურების საფრთხე, მიუხედავად ამისა, შუამდგომლობით მოითხოვა 10-ათასლარიანი გირაოს შეფარდება, ასევე დამატებით თამთა თოდაძესთან მიახლოების აკრძალვა და სხვა მოწმეებთან სპეციალური ნებართვის გარეშე კომუნიკაცია.

„ჩვენთვის სრულიად გაუგებარია, მაშინ როდესაც პროკურატურა აღნიშნავს, რომ არსებობს მტკიცებულებათა განადგურების საფრთხე და აგრეთვე მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე, რატომ არ ითხოვს ის აღკვეთი ღონისძიების სახედ პატიმრობის შეფარდებას“, - კითხულობს თამთა თოდაძის ადვოკატი თამარ ლუკავა, რომლის თქმითაც, ამ კითხვაზე მათ პროკურატურისგან პასუხი ვერ მიიღეს.

„ძალიან აბსურდულ მდგომარეობაში აღმოვჩნდით, რადგან სასამართლოს გადაწყვეტილებით დამატებითი ღონისძიების სახით ილია ჯიშკარიანს მოწმეებთან სპეციალური ნებართვის გარეშე კომუნიკაცია აეკრძალა, მაგრამ თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ - ერთ სამსახურში დასაქმებულ პირებთან კომუნიკაციისთვის სპეციალური ნებართვა რამდენჯერ უნდა გასცეს პროკურტურამ და ჩვენ როგორ უნდა ვაკონტროლოთ, მოახდენს თუ არა ზემოქმედებას ამ მოწმეებზე ის“, - აცხადებს თამარ ლუკავა.

მისი თქმით, ეს აღკვეთის ღონისძიება არ იქნება შემაკავებელი და, ასევე, აღკვეთის ღონისძიების გასაჩივრების უფლება საპროცესო კანონმდებლობიდან გამომდინარე არ აქვთ და სწორედ ამიტომ მოითხოვდნენ პროკურატურისგან პატიმრობის შეფარდებას.

თამარ ლუკავამ ბრალდებულ ილია ჯიშკარიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ შეაფასა, თუმცა თქვა, რომ ის 1 საათის განმავლობაში ფეხზე მდგომი ესწრებოდა სასამართლო სხდომას.

სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და ილია ჯიშკარიანის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად გამოიყენა გირაო 10 000 ლარის ოდენობით.

როგორც სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ პროკურორმა თამარ იაკობიძემ მედიასთან განმარტა, ილია ჯიშკარიანს აეკრძალა მსხვერპლთან მიახლოება საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე და საქმეზე დაკითხულ მოწმეებთან კომუნიკაცია სპეციალური ნებართვის გარეშე.

სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული საკრებულოს დეპუტატის სასამართლო სხდომა აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსში“ გაიმართა.

საკრებულოს ორი მოწვევის დეპუტატი ილია ჯიშკარიანი, ერთი კვირაა, მკურნალობის კურსს კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსში“ გადის. ის უარყოფს თავისი თანაშემწის, თამთა თოდაძის ბრალდებას სექსუალური ძალადობის შესახებ და ამბობს, რომ "ამ ამბით შოკირებულია".

სისხლის სამართლის საქმე თბილისის საკრებულოს დეპუტატის მიმართ ორი მუხლითაა აღძრული: 138-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, რომელიც არ შეიცავს ამ კოდექსის 137-ე მუხლით (გაუპატიურება) გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, ჩადენილი ძალადობით, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი).

XS
SM
MD
LG