Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საგამოძიებო სამსახური სწავლობს რუსთავის მე-5 საჯარო სკოლაში მომხდარ ინციდენტს


საგამოძიებო სამსახური სწავლობს რუსთავის მე-5 საჯარო სკოლაში მომხდარ ინციდენტს, რომლის დროსაც მუსიკის მასწავლებელმა ნანა წიქარიშვილმა ტვინის შერყევა და ზურგის არეში დაჟეჟილობა მიიღო.

ნანა წიქარიშვილის განცხადებით, 27 სექტემბერს გაკვეთილის ჩასატარებლად კლასში შესვლას აპირებდა, როცა, მესამე სართულის კიბეების ამთავრების შემდეგ, ამავე სკოლის მე-6 კლასის მოსწავლემ ხელი ჰკრა და კიბეზე დააგორა.
პედაგოგი გუშინვე სკოლიდან კლინიკა „რუსთავში“ გადაიყვანეს. ექიმების განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
მუსიკის მასწავლებლის ბრალდებას უარყოფს მოსწავლის დედა. მშობლის განცხადებით, მასწავლებელმა მის შვილს ჯერ კიდევ აპრილში სცემა.

არსენ დემეტრაშვილი, რომელიც გასული სასწავლო წლის დასრულებისას მე-5 საჯარო სკოლის დირექტორი იყო, ამბობს, რომ ის ხსენებული მოსწავლის მშობლის საჩივრის გამო თანამდებობიდან გაათავისუფლეს, თუმცა მუშაობა ამავე სკოლაში გააგრძელა.

არსენ დემეტრაშვილი იხსენებს აპრილში მომხდარ ინციდენტს, რომლის დროსაც ამჟამად დაშავებულ მუსიკის მასწავლებელს გაკვეთილზე გული წაუვიდა, რადგან წინა დღეს მომხდარი ინციდენტის მონაწილე ბავშვმა გაკვეთილის ჩაშლა სცადა. მშობელი განათლების სამინისტროში გაგზავნილ წერილში ირწმუნებოდა, რომ მასწავლებელმა ბავშვს თავში წიგნი ჩაარტყა, მაგრამ, დემეტრაშვილის თქმით, „ეს ასე არ ყოფილა“.


„ეს მშობელი უჩივის ყველას - მასწავლებლებს, დირექტორებს, მშობლებს და მოსწავლეებს. აპრილში მომხდარ ინციდენტამდე ორი წლით ადრე ამ ბავშვს თანატოლთან ჩხუბი მოუვიდა. მაშინ განათლების სამინისტროს მივწერე, რომ რაღაც ეღონათ, - მოსწავლეს ფსიქო-რეაბილიტაცია ესაჭიროებოდა, - მაგრამ ჩემი თხოვნა უყურადღებოდ დატოვეს“, - უთხრა რადიო თავისუფლებას არსენ დემეტრაშვილმა, რომელიც სასამართლოში ჩივილს აპირებს დირექტორის თანამდებობიდან მისი გათავისუფლების გამო. ამჟამად სკოლის დირექტორის მოვალეობას 10 დღის წინ დანიშნული თამარ გოგაძე ასრულებს, რომელიც არის გენერალური პროკურორის მოადგილის, გიორგი გოგაძის, და.

XS
SM
MD
LG