რუსეთის მედია აქტიურად წერს იმის შესახებ, რომ საქართველოს ხელისუფლება ძალიან კმაყოფილია სერგეი ლავროვისა და დავით ზალკალიანის შეხვედრის გამო და ასევე ძალიან კმაყოფილები არიან „პატრიოტთა ალიანსი“ და ნინო ბურჯანაძის პოლიტიკური ძალა. ამ კმაყოფილების ფონზე საქართველოში არსებობს არაერთი შეკითხვა და ვარაუდი, რომ მოვლენები შესაძლოა არცთუ სახარბიელო სცენარით განვითარდეს.
რა აინტერესებთ საქართველოში, რა შედეგებს მოელიან და რას თვლიან სარისკოდ რუსეთთან ორმხრივი დიალოგის გაგრძელების შემთხვევაში?
რას წერს რუსეთის მედია და რა ისმის კრემლიდან?
ჯერ მხოლოდ ავიამიმოსვლის აღდგენაა ის, რასაც რუსეთი საქართველოს ჰპირდება და იმასაც - ოდესმე, გარკვეული პირობების შექმნის მერე. 27 სექტემბერს, პრეზიდენტ პუტინის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს უთხრა:
„ავიამიმოსვლა შეჩერდა და ის სამუდამოდ არ გაუქმებულა. ამიტომ, ცხადია, ვიმედოვნებთ, რომ თავის დროზე ავიამიმოსვლის განახლებისთვის შესაბამისი და აუცილებელი პირობები შეიქმნება“.
არ კონკრეტდება - რას გულისხმობს მოსკოვი, როცა „შესაბამის და აუცილებელ პირობებზე“ ლაპარაკობს და დაასახელა თუ არა კონკრეტული პირობები სერგეი ლავროვმა დავით ზალკალიანთან პირისპირ შეხვედრის დროს.
ავიამიმოსვლის საკითხი ცალკე არ მოხვდა განხილული საკითხების იმ ზოგად სიებში, რომლებიც მოსკოვმა და თბილისმა 26 სექტემბერს გამოაქვეყნეს. თუმცა დავით ზალკალიანმა ზეპირ კომენტარებში აღნიშნა, რომ სერგეი ლავროვმა ამ მხრივ „გარკვეული პროგრესის“ ალბათობაზე ილაპარაკა.
გამოცემა „კომერსანტი“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ:
- შეხვედრის ინიციატივა ქართულ მხარეს ეკუთვნოდა;
- შიდაპოლიტიკური დაძაბულობის თავიდან აცილების მიზნით, ასევე ქართულმა მხარემ მოითხოვა, რომ შეხვედრა გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში გამართულიყო;
- დავით ზალკალიანი და სერგეი ლავროვი ერთმანეთის პირისპირ მარტო დარჩნენ და ისე წარიმართა საუბარი;
- შვეიცარიული მხარის წარმომადგენელმა მათ მხოლოდ შვეიცარიული შოკოლადი შესთავაზა და შემდეგ დატოვა ოთახი.
რუსულენოვანი მედია აღნიშნავს, რომ წლების განმავლობაში დაგროვილი და ბოლოდროინდელი განსაკუთრებული დაძაბულობის ფონზე, რუსი და ქართველი მინისტრების შეხვედრა „სრულ გადატვირთვაზე“ თუ არა, „ურთიერთობათა მნიშვნელოვან დათბობაზე“ მაინც მიანიშნებს.
რუსულ გამოცემებს არ გამოჰპარვიათ ძალიან ბევრი დადებითი შეფასება, რომელიც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა გააკეთეს ამ შეხვედრის კვალდაკვალ. განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ გამოხატულმა იმედმა.
რუსეთის მედიაში გამოქვეყნებულ მასალებში ასევე ვკითხულობთ, რომ „საქართველომ მადლობა გადაუხადა დასავლეთს დახმარებისთვის ლავროვთან შეხვედრის ორგანიზებაში“ და რომ ასეთი შეხვედრების დაწყების აუცილებლობას, უკვე დიდი ხანია, სიტყვითა და საქმით უწყობენ ხელს „პატრიოტთა ალიანსისა“ და „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო“.
„რია ნოვოსტიმ“ კომენტარები სთხოვა ნინო ბურჯანაძესა და გიორგი ლომიას:
- საპარლამენტო ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელი, გიორგი ლომია ამბობს, რომ სწორედ მისი გუნდის წარმომადგენლების მოსკოვში სისტემატურმა ვიზიტებმა და დაუღალავმა შრომამ შეუწყეს ხელი ზალკალიანისა და სერგეი ლავროვის შეხვედრას;
- „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ, როგორც იქნა, გააცნობიერა დიალოგის აუცილებლობა რუსეთთან - „მე ამაზე ვლაპარაკობ უკვე 9 წელია“ და „ამისათვის მე ქვეყნის ღალატში მადანაშაულებდნენ“.
ნინო ბურჯანაძე თავის კომენტარებში გამოხატავს გაკვირვებასა და უკმაყოფილებას - რატომ უნდა სჭირდებოდეს საქართველოს ხელისუფლებას იმის მტკიცება, „რომ თითქოს შეხვედრა დასავლელი პარტნიორების მოწოდებისა და დაჟინებული თხოვნის საფუძველზე შედგა“.
საქართველოს ოფიციალური პოზიციით, ლავროვისა და ზალკალიანის შეხვედრა „შვეიცარიის კონფედერაციის ინიციატივითა და ორგანიზებით“ და საერთაშორისო პარტნიორებთან კონსულტაციების შედეგად გაიმართა. ამას ადასტურებს შვეიცარიის მხარეც.
2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გამართულ პირველ შეხვედრაზე საქართველოში ჯერ ისევ ბევრად იმაზე მეტი აინტერესებთ, ვიდრე ეს ამ დღეებში ოფიციალურად ითქვა:
- რას და რის სანაცვლოდ ჰპირდება რუსეთი საქართველოს?
- მიიღებს თუ არა სისტემატურ სახეს შეხვედრები დიპლომატიური ურთიერთობების არმქონე ორი ქვეყნის ოფიციალურ პირებს შორის?
- იგეგმება თუ არა უფრო მაღალი დონის შეხვედრები და კერძოდ - სახელმწიფოთა პირველ პირებს შორის?
საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ შენარჩუნდება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა ფორმატი და ასევე ლაპარაკი მიმდინარეობს „კარასინი-აბაშიძის ფორმატად“ ცნობილი პრაღის არაფორმალური შეხვედრების გაგრძელებაზე.
რა არის მოსალოდნელი და რა არის სარისკო?
„რით შეიძლება დამთავრდეს თინეიჯერის დიალოგი დათვთან?! დათვი მას ან შეჭამს, ან ბუნაგში წაიყვანს და ბელების გასართობად ჩაკეტავს“, - ასე ხედავს ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი საქართველოს დიალოგს რუსეთთან, თუკი ზალკალიან-ლავროვის 26 სექტემბრის შეხვედრა მხოლოდ პირველია და არა ერთჯერადი.
როგორც გია ხუხაშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას:
- შეიძლება არ გაუქმდეს, მაგრამ - რუსეთთან პირისპირ დიალოგის გაგრძელების შემთხვევაში, აზრს თავისთავად დაკარგავს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატი, სადაც საქართველო საერთაშორისო პარტნიორების თანდასწრებით ელაპარაკება რუსეთს;
- რუსეთის პირისპირ დარჩენა კი, აუცილებლად წამგებიანი იქნება საქართველოსთვის, რადგან რუსეთს საბჭოთა კავშირის აღდგენის იდეა ამოძრავებს და საქართველოს ის არასოდეს დაელაპარაკება, როგორც თანასწორი პარტნიორი.
აფასებს თუ არა რუსეთი იმას, რომ საქართველო საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე და საერთაშორისო ფორმატებში მწვავედ არ აყენებს საკითხს იმის თაობაზე, რომ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების პოლიტიკაში უნდა იყოს გათვალისწინებული საქართველოც? - „რონდელის ფონდის“ უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, საქართველოს ყოფილი ელჩი უკრაინაში, ვალერი ჩეჩელაშვილი ისურვებდა, რომ ამ შინაარსის შეკითხვა დაესვა ქართველ მინისტრს რუსი მინისტრისთვის.
როგორც ანალიტიკოსი ეუბნება რადიო თავისუფლებას, ეს ცინიკური ელფერის რიტორიკული შეკითხვა არ არის და მას გულწრფელად აინტერესებს - რამდენად აფასებს რუსეთი საქართველოს ასეთ დამთმობ პოლიტიკას და სანაცვლოდ რისი მიღება შესაძლებელია საქართველოს.
თავად ვალერი ჩეჩელაშვილი რუსეთისთვის სანქციების არმოთხოვნას „ძალიან მცდარ გადაწყვეტილებად“ აფასებს.
ჩეჩელაშვილი დიალოგს გამართლებულად მიიჩნევს; თვლის, რომ ეს შეიძლება იყოს ოკუპაციასთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრის გარკვეული შესაძლებლობაც; თუმცა ის ასევე ფიქრობს, რომ საქართველოს ყველა რისკის გათვალისწინება მოუწევს და განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც:
- საქართველოს საკითხი არ დგას საერთაშორისო დღის წესრიგის მთავარ საკითხებს შორის - უკრაინასთან ერთად;
- საქართველოს გამო სანქციები არავის დაუწესებია რუსეთისთვის და არც საქართველოს ხელისუფლებას მოუთხოვია ეს დაჟინებით დასავლელი პარტნიორებისთვის;
- საქართველოს არ უზრუნია იმისთვის, რომ შექმნილიყო დასავლელი პარტნიორების მოქმედების ერთიანი გეგმა დეოკუპაციასთან დაკავშირებით.
„მე ვერ ვხედავ დასავლეთის კონკრეტულ გეგმას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კონტექსტში. მე ამას დასავლეთს არ ვაბრალებ. ეს არის, პირველ რიგში - ჩვენი შეცდომების ბრალი, რომ: ჩვენ არ ვართ უკრაინასთან ერთად ერთ ნავში, რომ საერთაშორისო დონეზე არ არის გაიგივებული ჩვენი პრობლემები უკრაინის პრობლემებთან.
ეს იოლი არ არის, ამას ყოველდღიური მუშაობა სჭირდება, რომ, უკრაინის მსგავსად, ჩვენი პრობლემებიც გულთან ახლოს მიიტანოს მსოფლიომ და, მაგალითად, პუტინთან მოლაპარაკებების დღის წესრიგში, დასავლელმა ლიდერებმა უკრაინასთან ერთად, საქართველოც ახსენონ“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ვალერი ჩეჩელაშვილმა.
როგორც საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტი გიორგი გობრონიძე ეუბნება რადიო თავისუფლებას, დიპლომატიის ფარგლებში დასაშვებია მოლაპარაკებები მტრებთანაც; ხოლო რუსი და ქართველი მინისტრების შეხვედრას საზოგადოების არცთუ მცირე ნაწილის უარყოფითი რეაქცია შესაძლოა იმიტომ მოჰყვა, რომ საზოგადოება არ არის ინფორმირებული ქართულ-რუსული ურთიერთობების ბევრი საკითხის შესახებ:
- საზოგადოებისთვის გაურკვეველია, რა კონკრეტული გეგმითა და პოზიციით ვსაუბრობთ რუსეთის ფედერაციასთან;
- ქვეყნის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა უნდა იყოს საერთო პოლიტიკური და სამოქალაქო კონსენსუსის შედეგი.
„საქართველოში ისტორიის გაკვეთილების სწავლა არ უყვართ... ყველა ხელისუფლებას ეგონა, რომ მხოლოდ ის ფლობდა რუსეთთან ურთიერთობების დალაგების გასაღებს. სინამდვილეში კი, ეს გასაღები ხელში უნდა ჰქონდეს მთლიანად ქართულ სახელმწიფოს და მას უნდა ჰქონდეს შეთანხმებული პოლიტიკური დღის წესრიგი“, - ამბობს გიორგი გობრონიძე.
ოპოზიციის ნაწილი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას მწვავედ აკრიტიკებს სწორედ იმის გამო, რომ საქართველოს მოქალაქეები ფაქტის წინაშე დააყენა.
„ეს იყო ქმედება ხალხის ზურგს უკან, პოლიტიკურ ძალებთან, საზოგადოებასთან, პარლამენტთან უნდა ყოფილიყო წინასწარი კონსულტაციები მსგავსი შეხვედრის შესახებ“, - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა, რომან გოცირიძემ.