Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე პოლიტიკურ პარტიას ოქტომბერში დააფუძნებენ


საზოგადოებრივი მოძრაობის "ლელოს" პრეზენტაცია ანაკლიაში
საზოგადოებრივი მოძრაობის "ლელოს" პრეზენტაცია ანაკლიაში

საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებლები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ახალ პოლიტიკურ პარტიას 2019 წლის ოქტომბერში შექმნიან.

ანაკლიაში, „ლელოს“ პრეზენტაციის შემდეგ მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ქმნიან ძალას, რომელიც ორიენტირებული იქნება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებაზე.

„ამას ვაცხადებთ მთელი სერიოზულობით. იმიტომ, რომ ამ მოძრაობაში, ამ პარტიაში გაერთიანებული იქნებიან ადამიანები, რომლებსაც კონკრეტული შედეგი აქვთ დადებული თავიანთ სფეროებში, სხვადასხვა დისციპლინებში და ინდუსტრიებში. არავისთან არ ვითანამშრომლებთ ამ ეტაპზე. ჩვენ დამოუკიდებლად მივდივართ არჩევნებზე. ჩვენ დამოუკიდებლად მივდივართ ცნობილი პოლიტიკოსების გარეშე. ნურანაირი ჭორებს ნუ აყვებით“, - განაცხადა ხაზარაძემ. მისი თქმით, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ გადაწყვეტენ, ვისთან ითანამშრომლობენ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ინტერესებიდან გამომდინარე.

„ხელისუფლების მიერ ძალიან მდაბიო ნაბიჯით ჩვენი ანგარიშები არის დაყადაღებული, მაგრამ ცარიელი ხელებით, ჩვენი გულით, შემართებით, ჩვენი მეგობრების გვერდში დგომით ამ საქმეს გავიყვანთ ბოლომდე და მოვიგებთ“ - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

„ლელოს“ თანადამფუძნებელმა არ უპასუხა შეკითხვას, დაკავების შემთხვევაში, ვინ იქნება პარტიაში მისი და ბადრი ჯაფარიძის შემცვლელი. ამ შეკითხვას არაკონსტრუქციული უწოდა ბადრი ჯაფარიძემ: „თუ დაგვაკავებენ, მერე გადავწყვიტავთ.“

„უკვე ერთი წელიწადია არ დარჩენილა სახელმწიფო სტრუქტურა, რომელსაც არ განუხორციელებია რეპრესია თავისი მიმართულებით. შესაძლოა, ეს რეპრესიები გაღრმავდეს, მაგრამ ეს ჩვენ ვერ შეგვაფერხებს. ამ ქვეყნისთვის აუცილებელია სხვა იმპულსის შემოტანა, გამაერთიანებელი იმპულსის შემოტანა. თავი უნდა დავანებოთ ერთმანეთისთვის სამშობლოს მტრების ძახილს იმიტომ, რომ ეს არის სახელმწიფოს დამანგრეველი“ - უთხრა ჟურნალისტებს ბადრი ჯაფარიძემ.

შეკითხვას, ვინ იქნებიან პარტიის წევრები, ჯაფარიძემ უპასუხა, რომ დღეს ყველას გვარს ვერ იტყვის. რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მათი პარტიის წევრობაზე უარი თქვეს პოეტმა, დავით მაღრაძემ და „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილმა წევრმა, ბიძინა გეგიძემ, ბადრი ჯაფარიძის თქმით, ამაზე საუბარი საერთოდ არ ყოფილა.

გენერალური პროკურატურა „თიბისი ბანკის“ თანადამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ადანაშაულებს 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. საქმე ეხება 2008 წელს განხორციელებულ საბანკო ტრანზაქციას.

ხაზარაძეს და ჯაფარიძეს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს 2019 წლის ივლისში. აგვისტოში სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საბანკო ანგარიშების დაყადაღების შესახებ. პროკურატურა ამ ზომას უწოდებს „მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ანგარიშებზე, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების ეკვივალენტების დაყადაღებას“.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა ხაზარაძისა და ჯაფარიძისთვის აღკვეთის ღონისძიებად 700 000-700 000 ლარის გირაოს შეფარდების შესახებაც.

XS
SM
MD
LG