იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა სამუშაო ჯგუფი შექმნა, რომლის მიზანია პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატურების კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა, - იტყობინება პარლამენტის პრესსამსახური.
კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის თქმით, სამუშაო ჯგუფი 10 დღე იმუშავებს. 23 სექტემბერს კი იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დაიწყებს თითოეული კანდიდატის ინდივიდუალურ მოსმენას.
როგორც ოხანაშვილი ამბობს, რეგლამენტის შესაბამისად, სამუშაო ჯგუფში შევლენ, როგორც პარლამენტის წევრები, ასევე დარგის სპეციალისტები.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, სამუშაო ჯგუფში „ქართულ ოცნება“ წარმოდგენილი იქნება 7 წევრით, რადგან აქვს 7 ფრაქცია, „ევროპულ საქართველო“ - 3 წევრით, „ნაციონალური მოძრაობა“ და „პატრიოტთა ალიანსი“ კი ჯგუფში თითო წევრით იქნებიან. ჯგუფში შევა დამოუკიდებელი დეპუტატიც.
ანრი ოხანაშვილის განცხადებით, პროცესის მეტად გამჭვირვალობისთვის, სამუშაო ჯგუფში „ადვოკატთა ასოციაციას“ მისი თავმჯდომარე, ხოლო „იურიდიული დახმარების სამსახურს“ სამსახურის ხელმძღვანელი წარმოადგენენ. ჯგუფის შემადგენლობაში ჩართული იქნებიან აკადემიური სფეროს წარმომადგენლები: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თამარ ზარანდია და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრი, აკადემიკოსი ჯონი ხეცურიანი.
ანრი ოხანაშვილის ინფორმაციით, არასამთავრობო სექტორი თითოეული კანდიდატის შესახებ ამუშავებს ინფორმაციას. მანვე განმარტა, რომ მას პირდაპირი კომუნიკაცია ჰქონდა სახალხო დამცველთან და შესთავაზა მას პროცესში ჩართულობა, თუმცა, მისივე განმარტებით, გარკვეული ობიექტური მიზეზების გამო, სახალხო დამცველი აღნიშნულ პროცესში მონაწილეობას ვერ მიიღებს.
ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე ოთარ კახიძე ამბობს, რომ იმ შემთხვევაში თუკი უზრუნველყოფილი იქნება სამუშაო ჯგუფში არასამთავრობო სექტორის ჩართულობა და სამუშაო ჯგუფის ფორმატის მიზანი იქნება კანონმდებლობასთან და კონსტიტუციასთან შესაბამისობის დადგენა (რაც კეთილსინდისიერების და კომპეტენტურობის კრიტერიუმსაც გულისხმობს), „ევროპული საქართველო“ მიიღებს სამუშაო ჯგუფის მუშაობაში მონაწილეობას.
ანრი ოხანაშვილის განმარტებით, სამუშაო ჯგუფის ფორმატი შინაარსობრივ შეფასებას არ ითვალისწინებს. მისივე თქმით, კომიტეტზე საკითხის განხილვის დროს მოწვეული იქნებიან, როგორც სახალხო დამცველის, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციის წარმომადგენლები და მათ მიეცემათ საშუალება დასვან მათთვის სასურველი შეკითხვები.
4 სექტემბერს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კენჭი უყარეს 48 კანდიდატს. კენჭისყრა ორეტაპიანი და ფარული იყო. პირველი ეტაპის შედეგად შეირჩა 20 კანდიდატი და იგივე ოცეული მოხვდა საბოლოო, პარლამენტისთვის წარსადგენ სიაშიც.