ჟურნალისტების პროტესტი შეეხება ფილმს - "ჩვენ მშვიდობით მოვიგებთ სხვის დაწყებულ ომს!", რომელიც 11 აგვისტოს გადაიცა "იმედის" ეთერში და აგვისტოს ომს ეხებოდა.
„არ ვიზიარებ რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ მომზადებული მასალის ერთ-ერთ მთავარ ხაზს. მიუღებელია რუსეთის ჯარის საქართველოში იძულებით შემოჭრის თაობაზე გამოთქმული ვერსია და ამას წლების განმავლობაში ომის თემაზე ჩვენ მიერ მომზადებული რეპორტაჟები ადასტურებს!“, - ასეთ ტექსტს თავიანთი „ფეისბუკის“ გვერდებზე ავრცელებენ ტელეკომპანია „იმედის“ საინფორმაციო გამოშვებისა და Imedinews-ის ჟურნალისტები.
როგორც Imedinews-ი წერს, „იმედის“ ეთერში აგვისტოს ომზე გასულ ფილმს არხის ჟურნალისტები ფლეშმობით აპროტესტებენ: „ტელეკომპანია „იმედის“ თანამშრომლები: „ქრონიკის“ ჟურნალისტები და imedinews-ის რედაქტორები რუსეთ-საქართველოს ომზე ტელეკომპანიის ეთერით გასული ფილმის სულისკვეთებას არ იზიარებენ, რასაც „ფეისბუკზე“ ფლეშმობით აპროტესტებენ“.
მედიით ვრცელდება 20-მდე ჟურნალისტის სახელი, ვინც პროტესტს ამ ფორმით შეუერთდა. მათ შორის არიან: თეა სიჭინავა, ნანა ლეჟავა, ნატა მახვილაძე, ნანუკა ქაჯაია, ლევან კვატაშიძე, ნუცა ტრაპაიძე, ლევან ფოჩხუა, ნინო არღვლიანი.
ფილმზე, რომელსაც ეთერში გასვლისთანავე საზოგადოების ნაწილის პროტესტი მოჰყვა და რომლის ავტორებიც არ სახელდებოდნენ, "იმედის" გენერალური დირექტორის მოადგილემ, ნიკოლოზ ლალიაშვილმა განაცხადა:
„პროდიუსერი ვარ მე. ეს რეპორტაჟი დამზადდა ჩემს მიერ, ჩემი პროდიუსინგის ქვეშ. ჩემი ხელმძღვანელობით. რაც შეეხება ფილმის ავტორებს, ფილმის ავტორი არის მერაბ მამარდაშვილი, რომელიც ბულინგით მოკლეს იმის გამო, რომ სიმართლეს აყენებდა ყველაფერზე მაღლა. ფილმის ავტორი არის ის ასეულობით ჩვენი ჯარისკაცი რომელიც გმირულად შეეწირა სააკაშვილის ავანტიურას. ამ ფილმის ავტორი არის დევნილები, რომლებიც არიან მსხვერპლი ამ ავანტიურის და ბოლოს, ამ ფილმის ავტორი არის ქართული საზოგადოება რომელმაც მშვენივრად იცის ყველაფერი და რომელსაც 11 წელი უკრძალავდნენ უბრალოდ სიმართლის თქმას. აღებული არის ის დოკუმენტები რომელსაც ხელს აწერდა მათ შორის სააკაშვილის ხელისუფლებაც. აღებული არის ევროსაბჭოს დასკვნები. ის ადამიანები არიან გამოყვანილი ვინც ლაპარაკობენ იმ პერიოდზე და არიან თვითმხილველები ამ ყველაფრის“.
13 აგვისტოს "იმედზე" აგვისტოს ომის შესახებ გასულ ფილმს გამოეხმაურა მედიაკრიტიკის პლატფორმა "მედიაჩეკერი": "მნიშვნელოვანი ფაქტების მიჩქმალვა, მანიპულაცია და არაზუსტი ინფორმაცია ფონად გასდევს 40 წუთიან ფილმს, სახელწოდებით “ჩვენ მშვიდობით მოვიგებთ სხვის დაწყებულ ომს!”".