„რუსთავი 2“-ის გაყიდვის საკითხი დაასახელა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ერთ-ერთ მთავარ საბაბად იმისა, რომ დღის წესრიგში სწორედ ახლა დადგა ტელეკომპანიებისთვის ძველი დავალიანებების მოთხოვნა.
„ამას უნდა დაედოს ბოლო. რატომ დღეს? ზუსტად იმ კონტექსტიდან გამომდინარე, რომ დღეს ხდება მედიის ყიდვა, გაყიდვა, რა ხდება... ამ შემთხვევაში შეგვიძლია „რუსთავი 2“-ის კეისიც მოვიყვანოთ.
ამიტომ მე მინდა, ყველა არსებულმა თუ პოტენციურმა მყიდველმა (არ ვიცი, შეიძლება ხვალ სხვა ტელევიზია გაიყიდოს ...) ყველამ უნდა იცოდეს, რომ ერთხელ და სამუდამოდ, ეს გამრუდებული პრაქტიკა უნდა გავასწოროთ...
ჩვენ, შემოსავლების სამსახური, ფინანსთა სამინისტრო შემხვედრ ნაბიჯებზე რომ წამოვიდეთ, ამის პირველი სიმპტომი იქნება ის, რომ მიმდინარე დავალიანებას (დღეს და ხვალ წარმოშობილს) რამდენად პასუხისმგებლიანად მოეკიდება გადამხდელი“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა 14 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე.
ივანე მაჭავარიანს ჟურნალისტებმა დაუსვეს შეკითხვა - ხომ არ გაჩნდება ეჭვები, რომ ტელეკომპანიებისთვის ძველი დავალიანების სწორედ ახლა გახსენება „რუსთავი 2“-ის პოტენციური მყიდველის ინტერესებს უკავშირდება?
ამ შეკითხვის პასუხად ფინანსთა მინისტრი აცხადებს, რომ საქართველოში ეჭვები ყოველთვის ჩნდება და პროცესის გამჭვირვალობა ერთადერთი სწორი გზა იქნება.
მისი თქმით, ტელეკომპანიები უნდა ჩადგნენ თანაბარ საგადამხდელო პირობებში, რადგან სხვაგვარი მიდგომა არ არის სამართლიანი კეთილსინდისიერ გადამხდელებთან მიმართებით.
კეთილსინდისიერ გადამხდელებს შორის ივანე მაჭავარიანმა „TV პირველი“ და „კავკასია“ დაასახელა; ხოლო ყველაზე მსხვილ მოვალეებად - „იმედი“, „რუსთავი 2“ და „მაესტრო“.
„მათ აქვთ ყველაზე მსხვილი დავალიანებები... „რუსთავს“ აქვს დაახლოებით 28 მილიონამდე, „იმედს“ 19 მილიონის ფარგლებში, ხოლო „მაესტროს“ აქვს 8 მილიონზე ცოტა მეტი. ეს არის ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში დაგროვებული საგადასახადო დავალიანება. ზოგადად, საქართველოში ეს მანკიერი პრაქტიკა, სამწუხაროდ, არსებობდა.
ტელეკომპანიები იგროვებდნენ ვალს, მერე ხდებოდა ამნისტიის მაგვარი, ჩამოწერა. ეს ხდებოდა სხვადასხვა ხელისუფლებების დროს. მე მგონი, დადგა დრო, რომ ეს საკითხი ერთხელ და სამუდამოდ გასწორდეს... არის სხვა ტელევიზიები, გაცილებით პატარა, მაგრამ ისინი არ აგროვებენ დავალიანებას იხდიან პატიოსნად...
მე მგონი, ერთ საკანონმდებლო სივრცეში ვართ და ვერავინ იტყვის, რა დააშავეს ამ ადამიანებმა, რომლებიც პატიოსნად იხდიან გადასახადებს... ყველამ უნდა დაიწყოს გადასახადის გადახდა“, - განაცხადა მაჭავარიანმა.
ფინანსთა სამინისტროს სქემით, მიმდინარე დავალიანება ტელეკომპანიებმა დაუყოვნებივ უნდა გადაიხადონ, ხოლო შემდეგ, მაქსიმუმ თვის ბოლომდე, მათ უნდა წარმოადგინონ წლების განმავლობაში დაგროვილი დავალიანების გადახდის მათთვის ხელსაყრელი გეგმა.