Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკა გვარამია: სახლი გავყიდე და იქიდან აღებული ფული ვასესხე “ინტერმედიას” ხელფასებისთვის


ნიკა გვარამია
ნიკა გვარამია

მთლად ასეთ სამარცხვინობას ნამდვილად არ ველოდი. ვალის ხელშეკრულება მაქვს “ინტერმედიასთან” და ნატურით გადამიხადეს. სახლი გავყიდე და იქიდან აღებული ფული ვასესხე “ინტერმედიას”, ხელფასები რომ გაგვესტუმრებინა. ყველა დოკუმენტია „ინტერმედიაში“ და ამოღებულია ეგ დოკუმენტები პროკურატურის მიერ. დაკითხვაზე მაინც გეკითხათ რამე ამ საკითხზე. თუ ბრალის საფუძველი იყო, საერთოდ როგორ არ გიხსენებიათ?“ - ასე გამოეხმაურა „რუსთავი2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორი მიკა გვარამია პროკურატურის მიერ მის მიმართ ბრალდების გამოტანის ფაქტს. „ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში ნიკა გვარამია წერს, რომ კორუფცია მისთვის უმძიმესი დანაშაულია და ბიძინა ივანიშვილმა წითელი ხაზი უკვე მეორედ გადაკვეთა:

ღიად და დაუფარავად: კორუფცია ის თემაა, რომელთან შედარებით, უმძიმესი დანაშაულები მემსუბუქება. ესაა ჩემი წითელი ხაზი და უკვე მეორეჯერ გადაკვეთა ივანიშვილმა.

ხოდა, ახლა ჩემ პასუხს დაელოდეთ... ხომ გაგაფარჩაკე 7 წელი, ახლა ბოლომდე მივიყვან და ზუსტად მე ჩავიბარებ შენ კაპიტულაციას. პირადად. გპირდები“, - წერს ფეისბუკში ნიკა გვარამია.

„რუსთავი 2-ის“ ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიმართ გენერალურმა პროკურატურამ ბრალის წარდგენის დადგენილება 9 აგვისტოს გამოიტანა. დადგენილების თანახმად, ნიკა გვარამიამ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, რაც გულისხმობს საწარმოში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

ნიკა გვარამია ბრალის წარსადგენად გენერალურ პროკურატურაში 9 აგვისტოს 19 საათზეა დაბარებული.

XS
SM
MD
LG