ერთი კითხვის დასმა ვცადე- მაინტერესებდა ვინ იყო დაზარალებული ან მომჩივანი მხარე, მაგრამ ამ კითხვაზე პასუხი ვერ მივიღე, - განაცხადა ტელეკომპანია პირველის დამფუძნებელმა ვახტანგ წერეთელმა თბილისის საქალაქო სასამართლოდან გამოსვლის შემდეგ, სადაც იგი მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით დაიკითხა ხაზარაძე -ჯაფარიძის საქმეზე.
ვახტანგ წერეთელის შეფასებით, 11 წლის წინანდელი ისეთი საქმის გაცოცხლება, რომელსაც არც დაზარალებული ჰყავს და არც მომჩივანი, ეჭვებს აჩენს, მისი დაბარება საგამოძიებო ორგანოში კი tv პირველის საკითხს უკავშირდება:
„ტელევიზიასთან დაკავშირებით იყო შეკითხვები - ტელევიზია არის დამოუკიდებელი, რჩება გავლენების მიღმა მოვლენების შუაგულში და ველოდებით რომ იქნება შემოტევები“,- განაცხადა ვახტანგ წერეთელმა. იგი ვარაუდობს, რომ პროკურატურა გეგმავს მის მამაზე, ავთანდილ წერეთელზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრას და ამით მასზე მანიპულირებას.
ვახტანგ წერეთელმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ გამოკითხვაზე შეკითხვები დაუსვეს 11 წლის წინანდელი ტრანზაქციის შიდა დეტალებზეც, თუმცა ეს დეტალები მას არ ახსოვს.
ვახტანგ წერეთელი პროკურატურამ საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე 6 აგვისტოს დაიბარა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე 2018 წლის 2 აგვისტოს დაწყებული გამოძიების, ე.წ ხაზარაძე - ჯაფარიძის საქმეზე. ბრალდების კითხვებზე პასუხების გაცემა მან მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით მოითხოვა.