Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკა ბესელიამ შსს-ს განცხადებას სატყუარა უწოდა


ეკა ბესელია
ეკა ბესელია

„მგონი, ცოტა მეტი სერიოზულობაა საჭირო, ვიდრე ასეთი სატყუარების გადაგდება“ - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის წევრი ეკა ბესელია შსს-ს განცხადებას, რომ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს პირი, რომელმაც ინტერნეტით პირველმა გაავრცელა დეპუტატის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრები.

ეკა ბესელიას ინფორმაციით, ამ პირის შესახებ უკვე რამდენიმე თვეა იცის.

„მახსოვს, რუსთავი 2-ის ეთერში გავიდა ინტერვიუ სწორედ ამ პატიმართან, რომელიც ძალიან უცნაურ რაღაცებს ამბობდა. არ ვიმეორებ იმ ფრაზებს, რაც მაშინ თქვა, რასაც და ვისაც ასახელებდა. მაშინ ეს არავინ ჩათვალა სერიოზულად. ამ პატიმრის თაობაზე ცნობილია რამდენიმე თვეა. აქამდე მაშინ რატომ არ იყო მისთვის ბრალი წარდგენილი?!” - უთხრა ჟურნალისტებს ეკა ბესელიამ.

დეპუტატის თქმით, საგამოძიებო მასალების გაცნობისას დაინტერესდა, დაკითხული იყო თუ არა ეს პატიმარი, რაზეც უპასუხეს, რომ სომხეთიდან მასალებს ელოდებოდნენ და ქართველ გამომძიებელს არ მისცეს დაკითხვის უფლება.

„რაც ასევე უცნაურია, რატომ არ მისცეს ამის უფლება საქართველოს მხრიდან გამომძიებელსა და პროკურორს“ - განაცხადა ეკა ბესელიამ. მისივე თქმით, რამდენიმე დღის წინ კვლავ გადაამოწმა, იყო თუ არა სომხეთიდან რაიმე ინფორმაცია და პროკურატურაში უთხრეს, რომ ეს პატიმარი ჩვენებას არ იძლეოდა.

„მთავარი კითხვა დავსვი, იყო თუ არა ეს პირველი წყარო, საიდანაც მოხდა ამ უკანონო ქმედების განხორციელება და მითხრეს, რომ ეს არ არის პირველი წყარო და რომ პირველწყაროს ვერ ადგენდნენ. ყველაფერი, რაც ჩამოვთვალე, იძლევა საფუძველს, რომ ეს ინფორმაცია სერიოზულად მივიღოთ? კი ბატონო, მაჩვენონ მტკიცებულებები და დაადასტურონ, რომ პირველწყარო ის იყო. მე ახალი არაფერი მომისმენია. მე ვიცოდი ამ პატიმრის შესახებ და კიდევ ვსვამ კითხვას, ამდენი ხნის განმავლობაში მას ბრალი რატომ არ ჰქონდა წარდგენილი“ - განაცხადა ბესელიამ.

XS
SM
MD
LG