Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბათუმელები ხუთი ცათამბჯენის მშენებლობას საპროტესტო აქციაზე გააპროტესტებენ


„რივიერის“ პროექტი
„რივიერის“ პროექტი

პროექტ „რივიერის“ წინააღმდეგ დღეს, 19:00 საათზე, საპროტესტო აქციაა დაგეგმილი ბათუმში. საინიციატივო ჯგუფ „დაიცავი ძველი ბულვარისა“ და „საზოგადოება ბათომის“ წევრები ზღვის სანაპიროზე, ისტორიული დაცვის ზონაში ხუთი ცათამბჯენის მშენებლობას აპროტესტებენ. ძველი ბათუმის სანაპიროზე რივიერად წოდებული ტერიტორია კომპანია „სილქ როუდ ჯგუფს“ ეკუთვნის, რომელიც 5 ცათამბჯენის აშენებას გეგმავს ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით დაფუძნებული თანაინვესტირების ფონდის დაფინანსებით. ამ პროექტს, აქტივისტების ხმაურიანი წინააღმდეგობის მიუხედავად, 16 ივლისს მხარი დაუჭირა ბათუმის საკრებულომ და კომპანიამ საქმის წარმოება დაიწყო. ძველი ბათუმის დამცველები ამბობენ, რომ მოქალაქეების მოთხოვნა შენარჩუნებოდა ქალაქს ერთადერთი ღია მწვანე სივრცე ზღვის სანაპიროზე ბათუმის თვითმმართველობამ არ გაითვალისწინა. ასევე არ გაითვალისწინა არც სპეციალისტების გაფრთხილება, რომ იქმნება ეკოლოგიური საფრთხე, და არც მოთხოვნა ბათუმის ისტორიული უბნების დამცავი ზონის შესახებ, სადაც რივიერაც შედის. ამიტომ საპროტესტო აქციაზე მათი მოითხოვნა იქნება : „ბათუმის რივიერა შეუნარჩუნდეს ქალაქს როგორც მწვანე სივრცე, ერთადერთი მწვანე ადგილი, რომლითაც ძველი ბათუმი ზღვას უკავშირდება. ბეტონის ფარდა, რომელიც ბათუმსა და ზღვას შორის წინა და ახლანდელმა ხელისუფლებამ აღმართა, კატეგორიულად მიუღებელია ჩვენთვის. რივიერა ერთადერთი გადარჩენილი ადგილია. რივიერა ძველი ბათუმის სანაპირო და მისი განუყოფელი ნაწილია, ამიტომ ჩვენ, ბათუმის მოქალაქეები, კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით რივიერაზე ხუთი ცათამბჯენის მშენებლობას!“ - ნათქვამია საზოგადოება „ბათომის“ განცხადებაში.

XS
SM
MD
LG