Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„რუსთავი 2“-ის თანამშრომლებმა პაატა სალიასგან ვერ მიიღეს პასუხი სარედაქციო დამოუკიდებლობის გარანტიებთან დაკავშირებით


„რუსთავი 2“-ის ახალმა გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ ტელეკომპანიის შენობაში დაახლოებით 40 წუთი დაჰყო. მას ბევრი შეკითხვით მიმართეს „რუსთავი 2“-ის თანამშრომლებმა.

არხის ახალმა გენერალურ დირექტორმა ვერ გასცა პასუხი მათ მთავარ შეკითხვას - რა გარანტიები არსებობს იმისათვის, რომ „რუსთავი 2“-ის თანამშრომლებს შეუნარჩუნდებათ სარედაქციო დამოუკიდებლობა, რის პირობასაც დებს არხის ახალი მესაკუთრე, ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში.

პაატა სალიას პასუხი იყო ის, რომ ყველაფერი სწრაფად მოხდა, მზად არ არის კონკრეტული გეგმა და სარედაქციო დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით დეტალები არხის თანამშრომლების ჩართულობით, სამუშაო შეხვედრაზე უნდა გადაწყდეს.

„გვინდა სამუშაო პროცესის დაწყება და ამ საკითხებზე შეჯერება ერთობლივად თქვენთან, თანამშრომლებთან, მენეჯმენტთან და ასე შემდეგ... მე ხომ უნდა ვიცოდე, თქვენთვის მისაღები ინსტრუმენტი რა არის?! მე აქ მოვედი პირველ რიგში იმისთვის, რომ არ მოხდეს კომპანიის მუშაობის შეფერხება... მე დღეს მოვედი ერთადერთი ამოცანით, რომ გავცნობოდი მენეჯმენტს, ვინც ახორციელებს ყოველდღიურ საქმიანობას... რომ ხვალ რაიმე პრობლემა არ იყოს ფინანსების თვალსაზრისით, ანგარიშსწორების თვალსაზრისით“, - უთხრა პაატა სალიამ „რუსთავი 2“-ის თანამშრომლებს.

სალიამ არ გასცა პასუხი მათ კიდევ ერთ შეკითხვას - მოსწონს თუ არა ახალ გენერალურ დირექტორს არხის სარედაქციო პოლიტიკა და ეთანხმება თუ არა მკვეთრად კრიტიკულ განწყობას „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიმართ.

„რუსთავი 2“-ს შენობაში ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ პაატა სალია და არხის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია.

„შენ, პაატა, აქ ცივილიზებულად ვერ მოხვალ, შენ ხარ თანამშრომელი აფხაზეთიდან შენი გამომგდების და იქ ჩვენი ნათესავებისა და მეგობრების ამომწყვეტის... ეს არის რუსული რეჟიმის დამკვიდრება“, - უთხრა სალიას გვარამიამ.

„დღეს გელაპარაკები სასამართლოს გადაწყვეტილებების შესაბამისად და თუ არ გაინტერესებს სასამართლოს გადაწყვეტილებები, კარგად ბრძანდებოდე... გადაწყვეტილებების შეუსრულებლობაც შეიძლება ადამიანის არჩევანი იყოს“, - უთხრა სალიამ გვარამიას.

„ვერ მიიღებთ მაგ ფუფუნებას ვერც შენ და ვერც შენი მოღალატე დამფუძნებელი... დამნაშავეა და ციხეში დაასრულებს აუცილებლად, გერმანიის მოქალაქეობა ვერ უშველის, პირობას გაძლევ... არანაირი ფუფუნება არ გექნებათ წინააღმდეგობის გაწევის“, - განაცხადა გვარამიამ ქიბარ ხალვაშის შესახებ.

18 ივლისს, სტრასბურგის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემდეგ, დაჩქარებული ტემპებით მოხდა გადაწყვეტილებების დარეგისტრირება საჯარო რეესტრში. თავდაპირველად მოხდა „რუსთავი 2“-ის ახალი მესაკუთრის, ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის დარეგისტრირება. შემდეგ კი, მისი გადაწყვეტილებით, არხის გენერალური დირექტორის პოსტზე, ნიკა გვარამია ადვოკატმა პაატა სალიამ ჩაანაცვლა.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემდეგ, ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა განაცხადა, რომ „რუსთავი 2“-ს დატოვებს მხოლოდ ნიკა გვარამია და გენერალურ დირექტორად დაინიშნება მისი ადვოკატი პაატა სალია.

საქმეზე "რუსთავი 2", შპს „ტელეკომპანია საქართველო“ და ლევან და გიორგი ყარამანიშვილები საქართველოს წინააღმდეგ, გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლოს პალატამ მიიღო 6 ხმით 1-ის წინააღმდეგ.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ეროვნულ სასამართლოებში ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მფლობელობასთან დაკავშირებული დავის განხილვისას ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მუხლები არ დარღვეულა. მათ შორის არც სამართლიანი სასამართლოს უფლება.

შესაბამისად, ძალაში რჩება საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც "რუსთავი 2" მის ყოფილ მფლობელს, ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნეს.

XS
SM
MD
LG