Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკა გვარამია პაატა სალიამ ჩაანაცვლა „რუსთავი 2“-ის ხელმძღვანელის პოსტზე


საჯარო რეესტრმა დაარეგისტრირა ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის მოთხოვნა „ხელმძღვანელობითი/წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის ცვლილების“ თაობაზე. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავდა „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის პოსტიდან ნიკა გვარამიას გადაყენებასა და მის ნაცვლად პაატა სალიას დანიშვნას.

ქიბარ ხალვაშმა საჯარო რეესტრს ამ მოთხოვნით მას შემდეგ რამდენიმე წუთში მიმართა, რაც ის „რუსთავი 2“-ის მესაკუთრედ დარეგისტრირდა.

შედგა ასევე „რუსთავი 2“-ის პარტნიორთა კრების ოქმი, რომელშიც პრაქტიკულად მხოლოდ ქიბარ ხალვაში მონაწილეობდა, როგორც ერთობლივად კომპანიის 100%-ის მფლობელი.

რეესტრში მითითებულია, რომ შპს სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის 60%-ის მფლობელი ქიბარ ხალვაშია, ხოლო 40% შპს "პანორამაზეა" გაფორმებული, რომელსაც, თავის მხრივ, ასევე ხალვაში ფლობს. შესაბამისად, პარტნიორთა კრების ოქმზე ქიბარ ხალვაშის ორი ხელმოწერაა.

პარტნიორთა კრების დღის წესრიგის თანახმად, გადაწყდა, რომ:

  • შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის პოსტიდან გათავისუფლდა ნიკა გვარამია;
  • შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის დირექტორად დაინიშნა პაატა სალია.

პარტნიორთა კრების შემდეგ, პაატა სალიამ საჯარო რეესტრში წარადგინა თანხმობა „სამაუწყებლო კომპანია შპს რუსთავი 2“-ის დირექტორად დანიშვნასთან დაკავშირებით.

​18 ივლისს, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემდეგ, ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა განაცხადა, რომ „რუსთავი 2“-ს დატოვებს მხოლოდ ნიკა გვარამია და გენერალურ დირექტორად დაინიშნება მისი ადვოკატი პაატა სალია.

საქმეზე "რუსთავი 2", შპს „ტელეკომპანია საქართველო“ და ლევან და გიორგი ყარამანიშვილები საქართველოს წინააღმდეგ, გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლოს პალატამ მიიღო 6 ხმით 1-ის წინააღმდეგ.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ეროვნულ სასამართლოებში ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მფლობელობასთან დაკავშირებული დავის განხილვისას ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მუხლები არ დარღვეულა. მათ შორის არც სამართლიანი სასამართლოს უფლება.

შესაბამისად, ძალაში რჩება საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც "რუსთავი 2" მის ყოფილ მფლობელს, ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნეს.

XS
SM
MD
LG