რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას ბოდიშს უხდის.
ის სოციალურ ქსელში აქვეყნებს პოსტს, სადაც ინგა გრიგოლიასთან ერთად ბოდიშს უხდის მმართველ პარტიას და მეუღლეს:
„ჩემო მეგობრებო, ძვირფასო ადამიანებო, ალბათ აკვირდებით ჩემს გარშემო შექმნილ აჟიოტაჟს , უამრავი თქვენგანი პირადად მეხმიანება, ზოგიც საჯაროდ ცდილობს ჩემს დაცვას, ყველა საკუთარ აზრს გამოთქვამს, კამათობენ, დაობენ... მაშინ როცა ისედაც უამრავი პრობლემაა ჩვენს გარშემო , დაპირისპირების დამატებითი საფუძველი ნამდვილად აღარ გვჭირდება. ჩვენ ყველა ერთად უნდა გავუფრთხილდეთ საკუთარ და საზოგადოების თითოეული წევრის ღირსებას, ამიტომ ვერ დავუშვებ კიდევ ახალ კონფლიქტებს ჩემი მიზეზით.
მიუხედავად იმისა,რომ ჩემი მეგობრული ხუმრობა მის ადრესატს საერთოდ არ სწყენია, პირველ რიგში მას ვუხდი ბოდიშს, შექმნილი უხერხულობისთვის. ბოდიშს ვუხდი ჩემს კოლეგებს პარტია ქართული ოცნებიდან, რომლის იმიჯსაც შეეხო ეს აჟიოტაჟი ,რომლის წარმატებისთვისაც ბევრი მიბრძოლია და კიდევ ვიბრძოლებ, რადგან მჯერა, რომ ერთადერთი მემარჯვენე პარტიაა პოლიტიკურ ასპარეზზე და სწორედ ქართულმა ოცნებამ დააყენა საქართველო დემოკრატიული განვითარების გზაზე. დიახ, ქართული ოცნების მონაპოვარია სიტყვის თავისუფლება, რომელიც ხშირად ერთმანეთის და ქვეყნის შეურაცხყოფაში გვერევა.
ჰოდა რახან ხანდახან შეცდომებს ვუშვებთ, ქალბატონო ინგა გრიგოლია, ბოდიშს გიხდით თუკი ჩემი დაწერილი კომენტარი საკუთარ შეურაცხყოფად და დისკრიმინაციად მიიღეთ. ბოდიშს გიხდით, რადგან პატივს ვცემ ჟურნალისტის პროფესიას და ამაში ჩემი მეგობარი ჟურნალისტები დამეთანხმებიან.
ბოდიშს გიხდით როგორც ქალს, რადგან როგორც მამაკაცი, ქალისათვის ბოდიშის მოხდაში ვერაფერს დამამცირებელს ვერ ვხედავ... და აქვე ბოდიშს ვუხდი ჩემს მეუღლეს, რომელიც ამ თვეში კიდევ ერთხელ გახდება დედა და ბოლო დღეებია ჩემს გამო ისმენს უამრავ ლანძღვას და გინებას. .. იმედს ვიტოვებ, ჩვენს შვილებს ისეთ ქვეყანაში მოუწევთ ცხოვრება, სადაც ადამიანები ერთმანეთს არ უპირისპირდებიან, სადაც მეგობრული მიმოწერები პოლიტიკური სპეკულირების საგანი არ ხდება და სადაც ყველამ იცის თავისი ფუნქცია და ადგილი“.
11 ივლისს, TV პირველზე, ინგა გრიგოლიას საავტორო გადაცემაში 20-21 ივნისის ძალადობრივი მოვლენების შესახებ შს მინისტრ გიორგი გახარიას განმარტებების შემდეგ, ლევან ონიანმა წამყვანის მიმართ შეურაცხმყოფელი კომენტარი გააკეთა: "ინგა ჩივის უკანტაქტო გაუპატიურებისთვის". ხოლო როცა ამას სოციალურ ქსელში უარყოფითი რეაქცია მოჰყვა, განაცხადა, რომ შეეშალა და სხვას გულისხმობდა.
ლევან ონიანის სექსისტურმა კომენტარმა საზოგადოების ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია. 13 ივლისს „ევროპულმა საქართველომ“ აქცია გამართა რუსთავის თვითმმართველობის შენობის წინ.
15 ივლისს ქალთა ორგანიზაციები გეგმავდნენ საპროტესტო აქციას რუსთავის თვითმმართველობის შენობასთან ლევან ონიანის ბოდიშის მოთხოვნით. თუმცა, მას შემდეგ, რაც რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარემ სოციალურ ქსელში საჯარო ბოდიში მოიხადა, საპროტესტო აქცია გაუქმდა.