თბილისის საქალაქო სასამართლოს სპიკერ-მოსამართლემ ალექსანდრე იაშვილმა ჩამოთვალა ის ვალდებულებები, რომლებიც ნიკა მელიას დაეკისრა სასამართლოს განჩინებით.
„საცხოვრებელი ადგილის დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე; საზოგადოების თავშეყრის ადგილებში საჯარო განცხადებების გაკეთება; მოწმეებთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია; ნიკა მერიას ასევე დაეკისრა საგამოძიებო ორგანოებისათვის პირადობის დამადასტურებელი და სხვა დოკუმენტების ჩაბარების ვალდებულება“, - განაცხადა ალექსანდრე იაშვილმა, რომლის თქმითაც, ჩამოთვლილი ვალდებულებებისა და გაზრდილი - 30 ათას ლარიანი გირაოს შეფარდებით სასამართლომ მიიჩნია, რომ უზრუნველყოფილი იქნება აღკვეთის ღონისძიების ყველა მიზანი.
ალექსანდრე იაშვილის თქმით, ნიკა მელიას საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2019 წლის 14 აგვისტოს 12.00 საათზე გაიმართება.