„საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ წევრმა რამდენიმე ადვოკატმა შექმნა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც მათი განცხადებით, უსასყიდლოდ დაიცავს „ჭეშმარიტი ქართველების უფლებებს.“
მედიაჰოლდინგ „კვირის“ პრესკლუბში პრესკონფერენცია ხუთმა ადვოკატმა გამართა. მათ ვერ დაასახელეს საინიციატივო ჯგუფის წევრთა კონკრეტული რაოდენობა.
ჯგუფის წევრია დავით ცინცქილაძე, რომელიც ბიზნესმენ ლევან ვასაძის მიერ „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ გამოცხადებული ე.წ. სახალხო ლეგიონის მონაწილეთა ინტერესებს იცავს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ აღძრული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში.
„მზად ვართ, ყოველგვარი სასყიდლის და ანგარების გარეშე დავიცვათ ჭეშმარიტად ქართველების კანონიერი უფლებები და ინტერესები, ვინც ეწინააღმდეგება ჩვენს სამშობლოში, ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში ექსტრემისტი ლგბტ პირების, მოძალადეების, სატანისტების, ლიბერასტების, მამათმავლების, ლესბოსელების, მამაძაღლების და უკუღმართების აღლუმებს, პარადებს და გალა-კონცერტებს“ - განაცხადა ცინცქილაძემ.
მისივე თქმით, „თუ მოხდება მსგავსი სახის სიბინძურის, გარყვნილების პროპაგანდირება“ და თუ სახელმწიფო არ უზრუნველყოფს საზოგადოებრივი მორალის, უსაფრთხოების და წესრიგის დაცვას, ქართველი ხალხი თვითორგანიზების საშუალებით მოახერხებს ამ წესრიგის დაცვას.
ცინცქილაძის განცხადებით, ძალაუფლების წყარო ხალხია და თუ სახელმწიფო ვალდებულებას არ შეასრულებს, ქართველი ხალხი იძულებული გახდება მისი უფლებების და კანონიერი ინტერესების დაცვა აიღოს საკუთარ თავზე და ეს განახორციელოს ნებისმიერი სახით, მათ შორის აჯანყებითაც.
ადვოკატის თქმით, თუ ლგბტ პირები თავის განზრახვაზე უარს არ იტყვიან, ქართველი ხალხი მოახდენს თვითორგანიზებას იმ კონკრეტულ ლოკაციაზე, სადაც დააპირებენ „სიბინძურის და გარყვნილების პროპაგანდირებას.“
ცინცქილაძის განცხადებითვე, თუ ამ ადგილებზე იქნება პოლიციის კორდონი, კომუნიკაცია ექნებათ პოლიციასთან და მოუწოდებენ, რომ მან უზრუნველყოს „ამორალი ადამიანების, სატანისტების მართლსაწინააღმდეგო ქმედების აღკვეთა.“
ადვოკატ ცინცქილაძის თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ხალხი მოახდენს თვითორგანიზებას, ჯგუფებად დაყოფას და ჯგუფების მიერ მოხდება ათეულების, ასეულების, ათასეულების და ლეგიონების ჩამოყალიბება და ყველა ადამიანი აგებს პასუხს იმ ქმედებაზე, რასაც განახორციელებს. ადვოკატი ამბობს, რომ პასუხს ვერ აგებს სხვის ქმედებებზე, რომლებიც ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, სისხლის სამართლის კოდექსს და ევროპულ კონვენციას.
საინიციატივო ჯგუფის კიდევ ერთი წევრის, გაიოზ შარბიანის განცხადებით, ადვოკატები მხოლოდ სამართლებრივ ჭრილში იმოქმედებენ. „არავითარი კომბლები. ჩვენი ერთადერთი მოტივი არის, თუ საჭირო გახდა, სამართლებრივ ჭინჭრებს მიიღებენ“ - თქვა შარბიანმა.