Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ მოელიან დავით სერგეენკოს გადადგომას?


“მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ”, - ასე უპასუხა მედიას პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ, როდესაც მთავრობის სხდომის დაწყების წინ შეკითხვა დაუსვეს დავით სერგეენკოს შესაძლო გადადგომის შესახებ. მინისტრი, რომელიც შვიდი წელია ჯანდაცვის სისტემას ხელმძღვანელობს, დღეს არ გადამდგარა, თუმცა გუნდის განახლება “ქართული ოცნების” პრიორიტეტად რჩება.

"დათო სერგეენკო იყო, არის და, მინდა დაგარწმუნოთ, მუდმივად იქნება ჩვენი გუნდის ერთგული და წარმატებული წევრი", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ 17 ივნისს.

სერგეენკო მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე ძველი წარმომადგენელია. იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანთან ერთად, ის რჩება იმ გამონაკლისად, რომელიც ბიძინა ივანიშვილის პრემიერობის დროს დაინიშნა უწყების ხელმძღვანელად და უცვლელად ინარჩუნებს პოსტს.

მას ქვეყნისთვის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული და ძვირადღირებული მიმართულება აბარია. ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა საქართველოს 2019 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტებში პირველია. 2019 წელს ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის ბიუჯეტი სამი მილიარდ 926 მილიონი ლარი იყო. მიმდინარე წელს ქვეყნის ბიუჯეტი 12 729 700 000 ლარით განისაზღვრა. ამგვარად, წელს ჯანდაცვასა და სოციალურ უზრუნველყოფაზე ქვეყანა ბიუჯეტის 30%-ს ხარჯავს.

რეიტინგული მინისტრი

NDI-ს 2019 წლის კვლევიდან ირკვევა, რომ დავით სერგეენკოს მიმართ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი დადებითად არის განწყობილი. გამოკითხულთა 40% კმაყოფილია მისი საქმიანობით, ხოლო უკმაყოფილო მხოლოდ 12 %-ია. ამავე კვლევით, ის ყველაზე რეიტინგული მინისტრია.

თუმცა, სერგეენკოს მაღალი რეიტინგი შედარებით შემცირებულია 2018 წელთან შედარებით. „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის თანახმად, ჯანდაცვის მინისტრი დადებითად შეაფასა გამოკითხულთა 46%-მა.

გადადგომა თუ გადაყენება?

თავად ჯანდაცვის მინისტრმა გავრცელებული ხმები არც დაადასტურა და არც უარყო. „ნებისმიერი ცვლილება მინისტრთა კაბინეტში არის პრემიერ-მინისტრის პრეროგატივა. მან უნდა მიიღოს ამის შესახებ გადაწყვეტილება და განაცხადოს. ნუ წავართმევთ მას ამ შესაძლებლობას“, - აღნიშნა დავით სერგეენკომ "რუსთავი 2"-თან კომენტარში.

დავით სერგეენკოს თანამდებობიდან შესაძლო გადაყენებას არა პირდაპირ, მაგრამ მაინც მის რეიტინგს უკავშირებს "ქართული ოცნების" ყოფილი წევრი, გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი ლევან კობერიძე.

„ერთი რამ შეიმჩნევა, არის გარკვეულ ჯგუფებს შორის ფარული დაპირისპირებები. თუ ეს ასე მოხდება, ვფიქრობ, არ იქნება სწორი, გამართლებული და კარგი ნაბიჯი. სერგეენკოს საკმაოდ დიდი რესურსი აქვს იმისთვის, რომ რეფორმები გაატაროს, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რეფორმა ჯერ ისევ გასატარებელია“, - ამბობს კობერიძე.

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ დავით სერგეენკოს პოსტიდან შესაძლო წასვლა “კლანური” დაპირისპირების შედეგია და ამ დაპირისპირებაში ჯანდაცვის მინისტრი დამარცხდა.

"მისი გადაყენება პოლიტიკის საფუძველზე არ არის. მთავრობას მაღალი სტანდარტები არ აქვს პოლიტიკის შეფასებისა, - განსაკუთრებით, სოციალური და ჯანდაცვის პოლიტიკის, - ამიტომ პოლიტიკის გამო მას არავინ გადააყენებდა", - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ექსპერტი გია ხუხაშვილი კი ფიქრობს, რომ ჯერ ადრეა ლაპარაკი მიზეზებზე, თუ რატომ შეიძლება დატოვოს თანამდებობა ჯანდაცვის მინისტრმა. როგორც ხუხაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, პროგნოზებისთვის ჯერ უნდა გამართლდეს მოლოდინი გადადგომის შესახებ და შემდეგ მასზე კომენტარი თავად მმართველმა გუნდმა უნდა გააკეთოს.

“სერგეენკო არასდროს ყოფილა პოლიტიკური დისკომფორტის შემქმნელი. ის მთელი მოღვაწეობის განმავლობაში დისტანციას იჭერდა წმინდა პოლიტიკური საკითხებისგან. აქედან გამომდინარე, არ მგონია, რომ ამ გადაწყვეტილებაში პოლიტიკა იყოს წამყვანი, ნეგატიური ან პოზიტიური ნიშნით. ტექნიკურ მიზეზს უფრო ვხედავ ამაში, ვიდრე პოლიტიკურად მნიშვნელოვანს”, - ამბობს გია ხუხაშვილი.

შეუსრულებელი დაპირებები

“ევროპული საქართველოს” წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი ფიქრობს, რომ მინისტრების შეცვლა ჯანდაცვის სფეროში არსებულ გამოწვევებსა და პრობლემებს ვერ უშველის.

მისივე თქმით, ბოლო წლების განმავლობაშ ჯანდაცვის სისტემაში თანხები გაიფლანგა, რისი დასტურიცაა უფასო მედიკამენტებისა და C ჰეპატიტის პროგრამები.

„მთავარი პრობლემა არის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის არასწორი სტრუქტურა, არასწორი დიზაინი და ფულის უყაირათო ხარჯვა, რომელიც, საბოლოოდ, აკლდება ათიათასობით პაციენტს. ამის გამოა, რომ მედიკამენტების პროგრამა უფუნქციოა და ვერ ხერხდება მისი ჩართვა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში იმისთვის, რომ გაძვირებულ მედიკამენტებზე ჩვენი მოქალაქეების ხელმისაწვდომობა გაიზარდოს“, - ამბობს ჭიაბერაშვილი.

სიმონ გაბრიჭიძე, Welfare Foundation-ის აღმასრულებელი დირექტორი, რომელიც ჯანდაცვის რეფორმას ადევნებს თვალს, დავით სერგეენკოს მინისტრობის პერიოდს ასე აფასებს: “ამ 7 წლის განმავლობაში ჯანდაცვის სისტემა მუშაობდა ქაოსურად. არ ჰქონდა მიზანმიმართული, ლოგიკური გეგმა, რასაც მიჰყვებოდა და შედეგს მიიღებდა. ასევე, ძალიან ძლიერი იყო კერძო კომერციული სექტორის ზეგავლენა. მინისტრი ძირითადად მათ ინტერესებს ითვალისწინებდა”, - ამბობს გაბრიჭიძე.

სიმონ გაბრიჭიძის აზრით, კომერციული სექტორის გავლენები განსაკუთრებით კარგად ჩანს პირველად ჯანდაცვაში, რითაც კომერციული სექტორი ნაკლებად ინტერესდება. “პირველადი ჯანდაცვა ქვეყანაში არ არსებობს და მოქალაქეებს ეზრდებათ ხარჯები”, - ამბობს გაბრიჭიძე. პირველადი ჯანდაცვის რეფორმაც დავით სერგეენკოს 7-წლიანი მინისტრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია.

მედიაში ბოლო დღეების განმავლობაში საუბარია დავით სერგეენკოს სავარაუდო შემცვლელზეც. მის მაგივრად ეკატერინე ტიკარაძე სახელდება. ტიკარაძე 2015 წლიდან საჩხერის რაიონული საავადმყოფოს დირექტორია.

თუმცა "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ყველაზე ძველი მინისტრი ჯერ ისევ თანამდებობაზე რჩება.

  • 16x9 Image

    სოფო დათიშვილი

    მულტიმედია ჟურნალისტი, ამზადებს ვიდეოებს Instagram-ის, TikTok-ისა და სხვადასხვა სოციალური მედიაპლატფორმისთვის. მუშაობს საერთაშორისო და ქვეყნის შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2017 წლიდან.

XS
SM
MD
LG