ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლოვაზე ცალსახად უარის თქმა არ შეიძლება, ვთვლი, რომ ეს არ იქნება სამართლიანი, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ ფოთის ღრმაწყლოვან პორტზე საუბრისას განუცხადა.
კითხვაზე, ანაკლიის პორტის მშენებლობის პარალელურად უნდა გაიცეს თუ არა ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი პორტის შენებლობის ნებართვა, ექს მინისტრი აცხადებს, რომ ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, თუმცა ფოთის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით ცალსახა უარი არასამართლიანი იქნება.
“ცალსახად უარი არ შეიძლება. ვთვლი, რომ ეს არ იქნება სამართლიანი. ცალსახად უარის თქმა რომ შეიძლებოდეს ასეთ შემთხვევაში, თავიდანვე „ანაკლიის განვითარების კონსორციუმითან“ მოლაპარაკებაში ერთ-ერთ პირობად განსაზღვრული იქნებოდა და ფოთში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა აიკრძალებოდა, მაგრამ ეს ასე არაა და ალბათ სწორედ იმ მოსაზრებით, რომ ცალსახად აკრძალვა არასწორია,“-აცხადებს გიორგი ქობულია.
მისივე თქმით, ანაკლიის პორტის უპირატესობა უდაოა, რადგან მას დიდი სახელმწიფო მხარდაჭერა აქვს, ფოთის პორტის შემთხვევაში კი კომპანია სახელმწიფოსგან თანამონაწილეობას არ ითხოვს.
„უდაოა ის, რომ ანაკლიის პორტის პროექტს ძალიან დიდი პრიორიტეტი აქვს, იმიტომ, რომ მასში სახელმწიფო მონაწილეობს. გარდა იმისა, რომ სახელმწიფომ უკვე ძალიან დიდი თანხა დახარჯა მიწების გამოსყიდვაზე, 100 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება ინფრასტრუქტურაში, 100 მილიონი დოლარით პროექტის კაპიტალშიც მონაწილეობს. ეს ყველაფერი რომ შეაჯამოთ, ძალიან დიდი თანხა გამოდის და დიდ მხარდაჭერას ნიშნავს სახელმწიფოს მხრიდან. ფოთის პორტისგან ეს ძალიან განსხვავდება, ფოთის პორტში სახელმწიფოს მონაწილეობა ფაქტობრივად ნულის ტოლია, საქმეც ისა, რომ კომპანია არც ითხოვს სახელმწიფოს მონაწილეობას“, - აცხადებს გიორგი ქობულია.
რაც შეეხება ფოთის პორტის მშენებობის ნებართვას, ეკონომიკის ყოფილი მინისტრის ამბობს, რომ ის ნებართვის გაცემის საქმის კურსში არ იყო.
„მე იმ კონკრეტული ბრძანების საქმის კურსში არ ვიყავი, რომელიც გრიგოლ კაკაურიძემ ჩემი მინისტრის პოსტიდან წასვლის შემდეგ გამოსცა“
„ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ გენერალურმა დირექტორმა კლაუს ლოურსენმა „ინტერპრესნიუსს“ ვრცელი ინტერვიუ ის საუბრობს იმაზეც, რომ მათი გეგმების შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების წინა მინისტრი იყო ინფორმირებული.
გიორგი ქობულია აცხადებს, მან კომპანიის გაფართოვების სურვილის შესახებ იცოდა და მათ შორის, სხვა მინისტრების მონაწილეობით აღნიშნულ საკითხზე შეხვედრებიც იყო, მაგრამ ის 2 მაისს გაცემული ბრძანების შესახებ ინფორმირებული არ ყოფილა.
„ის, რომ ფოთის პორტს დიდი ხანია, არა მარტო ჩვენი მთავრობის დროს, უნდა გაფართოება და რომ მე და სხვა მინისტრებს გვქონია ამაზე მათთან შეხვედრა, ეს მე თავიდანვე გითხარით, მაგრამ მე არ ვიყავი საქმის კურსში ამ კონკრეტული ბრძანების, რომელიც გრიგოლ კაკაურიძემ გამოსცა ჩემი მინისტრის პოსტიდან წასვლის შემდეგ,“-აცხადებს გიორგი ქობულია.
„ინტერპრესნიუსის“ კითხვაზე, ინფორმაციის ქონის შემთხვევაში იქნებოდა თუ არა ამ ბრძანების გაცემაზე თანახმა, ქობულია აცხადებს, რომ ახლა ამაზე პასუხის გაცემა რთულია, რადგან არ იცის რა განხილვა უძღვოდა წინ ბრძანების გაცემას.
„მე ვერ გეტყვით მექნებოდა თუ არა პრობლემა ამ ბრძანების გაცემასთან დაკავშირებით, რადგან მე ყველა დეტალს არ ვფლობ. არ ვიცი რეალურად რა კონტექსტში მომზადდა ეს ბრძანება, რა ჰქონდა მას საფუძვლად, რა განხილვები და მსჯელობა იყო მისი გაცემის წინ.
სავარაუდოდ, მე რომ ვყოფილიყავი მინისტრი, ვისურვებდი, რომ ეს ბრძანება გაცემამდე ჩემთან ყოფილიყო შეთახნმებული და ალბათ იქნებოდა კიდეც“, - აცხადებს გიორგიქობულია.
მისივე თქმით, ეს ბრძანება ზოგადი და ნეიტრალურია, რომლის საფუძველზეც პორტის მშენებლობა არ დაიწყებოდა და ამ საკითხის გარშემო მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა „პოლიტიკურ თამაშს“ უკავშირდება.
„აშკარაა, რომ არანაირ „ნებართვაზე" საუბარი არ არის. საუბარია "ტექნიკურ პირობებზე მიწის გამოყენების პორტის მშენებლობისთვის", ასეთი ტიპის "ბრძანება" არის საკმაოდ ნეიტრალური, რომელიც არავის არანაირ ნებართვას არ აძლევს და სავარაუდოდ, მომზადდა, როგორც ფოთის პორტის ოფიციალური წერილის ფორმალური სავალდებულო პასუხი. შეიძლება კაკაურიძემ ამაზე მუშაობა დაიწყო ჩემი მინისტრობის პერიოდში, მაგრამ ჩემთან განხილვა და შეთანხმება ვერ მოასწრო. ჩემს დროს მოხდა მხოლოდ ინიციაცია ფოთის პორტში დაურეგისტრირებელი მიწების სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრაციის.
რატომ შეჰყავთ საზოგადოება შეცდომაში ამასთან დაკავშირებით, ჩემთვის პრინციპში გასაგებია. ეს ალბათ, პოლიტიკური თამაშის ერთ-ერთი საბაბია. რა თქმა უნდა, თუ ფოთის პორტს უნდა მიწების პრივატიზაცია და გაფართოვების სურვილი აქვს, ამაში ცუდს ვერაფერს ვერ ვხედავ“,-აცხადებს გიორგი ქობულია.
ამასთან, ექს მინისტრის განცხადებით, პორტის მშენებლობის ნებართვის მისაღებად საკმაოდ გრძელი და რთული პროცესია. ნებართვის მისაღებად კომპანიას სჭირდება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის პრივატიზაცია, შემდგომ საინჟინრო, გეოლოგიური და სხვა ტიპის რთული კვლევების ჩატარება, რომელთა ექსპერტიზის გავლის შემდგომ შეიძლება წარმოიქმნას საკითხი ნებართვის გაცემაზე.
ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია მზადაა, პარლამენტში კიდევ ერთხელ მივიდეს და ფოთის ღრმაწყლოვანი პორტის საკითხთან დაკავშირებით არსებულ კითხვებს უპასუხოს. ის განმარტავს, რომ ფოთის პორტის გარშემო მისი მინისტრობის შემდეგ გამოიკვეთა ახალი დეტალები, რომელთა შესახებ შესაძლოა, ინფორმირებული არ იყოს.
„ჩემ შემდეგ უკვე დიდი პერიოდი გავიდა, რაც ამ თემის გარშემო ახალი დეტალები გაჩნდა, რომელთა საქმის კურსში შესაძლოა, არ ვიყო. მე შემიძლია ვისაუბრო მხოლოდ ჩემს მოსაზრებაზე და იმ ინფორმაციაზე, რომელიც ჩემი მინისტრობის განმავლობაში მქონდა. თუ პარლამენტი დაინტერესდება ჩემი აზრით, ჩემი მინისტრობის განმავლობაში გაწეულ სამუშაოებთან დაკავშირებით, მე ყოველთვის მზად ვარ მივიდე და განმარტებები გავაკეთო, თუკი ეს მათ დაეხმარება“, - განაცხადა გიორგი ქობულიამ.
30 მაისს საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ უარყო, რომ გაცემული იყო ფოთის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის ნებართვა. თურნავას განცხადებით, რეალურად საუბარია მიწათსარგებლობის წინასწარი პირობების დოკუმენტზე, რომელიც მთავრობასთან შეუთანხმებლად გაიცა ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის ბრძანებით.
ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, სააგენტოს ხელმძღვანელი გრიგოლ კაკაურიძე თანამდებობიდან გაათავისუფლა.