Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნათია ზოიძე:  მითხრეს, რომ მაუწყებლის საინფორმაციო პოლიტიკას უნდა ჩამოვშორდე


„მრჩეველთა საბჭო არის პოლიტიკურად მოტივირებული“, - აცხადებს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია ზოიძე.

ღია წერილში, რომლითაც მან აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს მიმართა, წერია, რომ აჭარის ტელევიზიის დირექტორის იმპიჩმენტი და არჩევნებს პოლიტიკურად მართულ პროცესია და რომ თუ ეს ასე გაგრძლდა, მალე აჭარის ტელევიზია ხელისუფლებისგან გაკონტროლებული საზოგადოებრივი მაუწყებელი იქნება.

ნათია ზოიძე წერს, რომ მას სთხოვდნენ არ მიეღო მონაწილეობა მაუწყებლის დირექტორის არჩევნებში:

„ნათია კაპანიძის უნდობლობიდან ერთ კვირაში სახელისუფლებო გუნდის სხვადასხვა ვერტიკალის ინიციატივით მომიგზავნეს ჩემთვის ძალიან ახლობელი და ძვირფასი ადამიანები. მთხოვდნენ, მშვიდად გამეგრძელებინა მუშაობა აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის მოადგილის პოზიციაზე და სასურველი იყო, დირექტორის არჩევნებში არ მიმეღო მონაწილეობა. უმოქმედობა იქნებოდა ხელისუფლების თანამზრახველობა, რადგან, ცხადი იყო, რომ ხელისუფლება სასურველ კანდიდატს ამზადებდა“, - წერს ზოიძე.

მისივე სიტყვებით, ნათია კაპანიძის უნდობლობიდან დაწყებული, ეს პროცესი არის პოლიტიკური ინტერესის ქვეშ და რომ ეს პროცესი ვერ გასცდა ამბიციებსა და პირად წყენას.

სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ამ პროცესს არაფერი აქვს საერთო იდეებთან, ღირებულებებთან და არანაირად არ ეფუძნება პრობლემების მქონე თანამშრომელთა მიმართ სოლიდარობის განცდას“.

ნათია ზოიძე მიმართავს მრჩეველთა საბჭოს წევრებს, განსაკუთრებით კი მათ, ვისთანაც 25-წლიანი მეგობრობა აკავშირებდა და მოუწოდებს „არ შემოასაღონ საზოგადოებას ეს ფარსი კეთილსინდისიერების მაგალითად“.

მისივე თქმით, ის, რაც ხდება, ეს არის დესტრუქცია, რომელიც არ მართლდება.

„მრჩეველთა საბჭოს წევრმა მითხრა, რომ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ვმუშაობ ახლა მაუწყებელში, კანონდარღვევაა და მიმანიშნა კარისკენ. გიგა ჩხარტიშვილი, რომელიცქართული ოცნებისკვოტით არის არჩეული, მეუბნება, რომსაინფორმაციო პოლიტიკის მართვადასამივე პლატფორმის კოორდინაცია“, რაც ჩემს ხელშეკრულებაში ვალდებულებადაა ჩაწერილი, მითვისებული მაქვს და ეს დებულებას ეწინააღმდეგებაო. ფაქტობრივად, საჯაროდ მითხრეს, რომ მაუწყებლის საინფორმაციო პოლიტიკას უნდა ჩამოვშორდე. პროცესები სრულად შიშველია: მრჩეველთა საბჭო 31 მაისის გადაწყვეტილებით ხელს უწყობს არხის თავისუფალი საინფორმაციო პოლიტიკის ვექტორს შეცვლას“, - წერს ნათია ზოიძე.

ზოიძე მოუწოდებს ყველას, ვინც ამ პროცესშია ჩართული, მშვიდად ნუ დაელოდებიან ახალი დირექტორის არჩევას, რადგან, მისი სიტყვებით, „თუ ეს უპასუხისმგებლობა გაგრძელდა, მალე აჭარაში იქნება ხელისუფლებისგან გაკონტროლებული საზოგადოებრივი მაუწყებელი“.

მრჩეველთა საბჭოს წევრის, ბეჟან გობაძის განცხადებით, იყო კონკრეტული პოლიტიკური გავლენის მოხდენის მცდელობა, თუმცა, მრჩეველთა საბჭო ამ გავლენის ქვეშ არ მოექცა და ეს აჩვენა კენჭისყრის შედეგებმაც.

„ხელისუფლების დაკვეთა არ შესრულდა, ამიტომ მთლიანობაში, ვერ ვიტყვით, რომ მრჩეველთა საბჭო ვინმეს გავლენის ქვეშაა. ცალკეული ხმები სად და როგორ წავიდა, ეგ არ ვიცი. ჩვენ კიდევ გვაქვს სამსჯელოდ ერთი თვე“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ბეჟან გობაძემ, რომელიც მრჩეველთა საბჭოში „ნაციონალური მოძრაობის“ კვოტით გასული წევრია.

ნათია ზოიძეს, რომელიც აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებლის დირექტორის კონკურსში იღებდა მონაწილეობას, მრჩეველთა საბჭოს 5 წევრიდან მხარი მხოლოდ ერთმა დაუჭირა. დანარჩენი ხმები კი სხვა 3 კანდიდატს შორის გადანაწილდა. შედეგად, ახალი დირექტორი ვერ გამოვლინდა.

XS
SM
MD
LG