დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე შეკრებილი აქტივისტები, მათ შორის ნაციონალისტურად განწყობილი ჯგუფების წარმომადგენლები, ასევე, სასულიერო პირები და მათი მრევლი მსვლელობას გეგმავენ ჩიჩხიტურის კოშკისკენ. აქციის მონაწილეთა თქმით, სურთ მშვიდობიანი მსვლელობით ყველას გააგებინონ, რომ დავით გარეჯი საქართველოს განუყოფელი ნაწილია.
რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ინფორმაციით, ჩიჩხიტურთან იმყოფებიან საქართველოს სასაზღვრო და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები.
სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილემ, თეიმურაზ კუპატაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ მათი ინფორმაციით, აზერბაიჯანის მხარეს რაიმე აქცია და მსვლელობა დაგეგმილი არ არის. „არ ველოდებით არანაირ პროვოკაციას. იმიტომ ვართ ჩვენ აქ, რომ მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვა მოხდეს“, - განაცხადა კუპატაძემ.
მისი ინფორაციით, ჩიჩხიტურის კოშკთან ბილიკი გახსნილია და მოქალაქეებს ექნებათ ასვლის საშუალება, თუმცა, რთული რელიეფის გამო ეს ეტაპობრივად მოხდება.
დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე იმართება აქცია "გარეჯი საქართველოა და კავკასია ჩვენი სახლია."
აქციის მონაწილეები საქართველოს ხელისუფლებისგან მოითხოვენ, რომ საზღვრის დელიმიტაციის შესახებ აზერბაიჯანთან პრინციპული მოლაპარაკება აწარმოოს.
საქართველოს და აზერბაიჯანს შეუთანხმებელი აქვთ სახელმწიფო საზღვრის დაახლოებით ერთი-მესამედი, მათ შორის დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან.