მაისის ნაცუ ბაშოზე მეთორმეტე ტურის შეხვედრები გაიმართა და ტოჩინოშინის მეტსახელით მოჭიდავე ლევან გორგაძის ანგარიშზე ცხრა ქულაა. დღეს ქართველი რიკიში აღმოსავლეთის მეშვიდე მაეგაშირას - მეისეის დაეჭიდა. გამარჯვების შემთხვევაში გორგაძე ოძეკის წოდების დაბრუნებას ინაღდებდა, მაგრამ წააგო და უმთავრესი მიზნის მიღწევა მინიმუმ ერთი დღით გადაიდო.
პროფესიული სუმოს იერარქიის მეორე საფეხურზე მეორედ ასასვლელად ტოჩინოშინს ბაშოს დასრულებამდე დარჩენილი სამი ბრძოლიდან ერთის მოგება სჭირდება. 24 მაისს გასამართ მეცამეტე ტურში მისი მეტოქე მერვე მაეგაშირა ასანოიამა იქნება, რომელსაც მიმდინარე სუპერტურნირზე თორმეტი შეხვედრიდან ათი მოგებული აქვს.
მეთორმეტე ტური ლევან გორგაძის მსგავსად, წარუმატებელი აღმოჩნდა რანგით მეორე ჯურიო დივიზიონში მოჭიდავე თეიმურაზ ჯუღელისთვისაც. გაგამარუს შიკონათი ცნობილი ქართველის ანგარიშზე შვიდი ქულაა და საბოლოო დადებითი ბალანსის - კაჩი-კოშის მოსაპოვებლად დარჩენილი სამი შეხვედრიდან ერთის მოგებაც საკმარისი იქნება.