Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრისტოფ კასტანერი: საქართველოდან თავშესაფრის მთხოვნელთა დიდი რაოდენობა ანომალიაა


საფრანგეთის და საქართველოს შს-თა მინისტრები კრისტოფ კასტანერი და გიორგი გახარია
საფრანგეთის და საქართველოს შს-თა მინისტრები კრისტოფ კასტანერი და გიორგი გახარია

საფრანგეთში თავშესაფრის მაძიებელთა შორის საქართველოს მოქალაქეები პირველ ადგილზე არიან, რაც ნორმალური მდგომარეობა არ არის - ამის შესახებ განაცხადა საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, კრისტოფ კასტანერმა.

თბილისში, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრთან, გიორგი გახარიასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე კრისტოფ კასტანერმა თქვა, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა, სადაც არ არის ომი და არსებული პოლიტიკური ვითარება არ ქმნის იმის საფუძველს, რომ თავშესაფარს ამდენი ადამიანი ითხოვდეს.

კასტანერმა აღნიშნა, რომ საფრანგეთი და ევროპელი პარტნიორები საქართველოს მიიჩნევენ საიმედო ქვეყნად, რომელიც დინამიურად ვითარდება და ამიტომ, საქართველოდან თავშესაფრის მთხოვნელთა დიდი რაოდენობა ერთგვარი ანომალიაა.

ქართველებმა უნდა იმოგზაურონ თავისუფლად, მათ შორის საფრანგეთში, მაგრამ მათ, ვინც ოცნებობენ ელდორადოზე, უნდა იცოდნენ, რომ საფრანგეთში საოცნებო პირობები არ დახვდებათ - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

კრისტოფ კასტანერის თქმით, ამ ეტაპზე არ დგას საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხი, მაგრამ აუცილებელია ინტენსიური მუშაობა, რათა ეს საფრთხე თავიდან იყოს აცილებული.

კასტანერის განცხადებით, საფრანგეთი და საქართველო ერთად აგრძელებენ მუშაობას პრობლემის მოსაგვარებალად და ორივე მხარეს აქვს სურვილი, რომ ებრძოლონ არალეგალურ მიგრაციას, რომელიც დიდი თავისტკივილია საფრანგეთის მთავრობისა და მოქალაქეებისთვის.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ერთობლივი მუშაობის კიდევ ორ ძირითად მიმართულებად დაასახელა ორგანიზებულ დანაშაულთან და საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლა.

კრისტოფ კასტანერი საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით გვიან ღამით ჩამოვიდა.

2019 წლის იანვრის მონაცემებით, საფრანგეთში თავშესაფარი ითხოვა საქართველოს 920-მა მოქალაქემ, რაც თითქმის ორჯერ მეტია 2018 წლის იანვრის მაჩვენებელზე. საქართველოს მოქალაქეები თავშესაფარზე ძირითადად, უარს იღებენ.

XS
SM
MD
LG