ოპოზიციური საპარლამენტო პარტია „ევროპული საქართველო“ ითხოვს, რომ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტში შეიქმნას თემატური მოკვლევის ჯგუფი ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის ინსპექტირების და სკოლის დირექტორის, ია კერზაიას გარდაცვალების საქმეზე.
ამ საკითხს „ევროპული საქართველო“ კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე დასვამს.
პარლამენტის წევრის, სერგო რატიანის შეფასებით, ტრაგედია დაკავშირებული იყო საარჩევნო პერიოდში ხელისუფლების ზეწოლასთან, პროკურატურა კი უმოქმედოა, ამიტომ მოკვლევა პარლამენტმა უნდა დაიწყოს.
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებამდე ალტერნატიული მექანიზმის შექმნას მიზანშეუწონლად მიიჩნევს. ჯაშის განცხადებით, უნდა დაელოდონ გამოძიების დასრულებას და თუკი ამის შემდეგ შეკითხვები დარჩება, მზად არის ხელი შეუწყოს მათზე პასუხის გაცემას.
ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი ია კერზაია 2018 წლის 9 დეკემბერს, ინსულტით გარდაიცვალა. მისი ვაჟი ბაჩანა შენგელია გარდაცვალების მიზეზად ასახელებს ჯანმრთელობის გაუარესებას სკოლაში დაწყებული შემოწმების გამო. შენგელიას განცხადებით, განათლების სამინისტროს მხრიდან ინსპექტირების რეალური მიზეზი იყო ია კერზაიას უარი საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში ემუშავა მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის სასარგებლოდ.
საქართველოს პროკურატურა 2019 წლის თებერვლიდან იძიებს ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში 2018 წლის ნოემბერში ჩატარებული ინსპექტირებისას სავარაუდო, კანონდარღვევის ფაქტებს.