Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბათუმის ნავსადგურში აშშ-ის სამხედრო ხომალდი შემოვიდა


აშშ-ს სამხედრო ხომალდი USS Ross
აშშ-ს სამხედრო ხომალდი USS Ross

აშშ-ს სამხედრო ხომალდი USS Ross (DDG 71) ბათუმის ნავსადგურის მეათე ნავმისადგომზე შემოვიდა. საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ეს ხომალდის პირველი ვიზიტია საქართველოში და იგი ემსახურება აშშ-ისა და საქართველოს შორის თანამშრომლობის განმტკიცებას რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობით.

USS Ross (DDG 71) არის Arleigh Burke-ის კლასის მართვადი სარაკეტო გამანადგურებელი. ხომალდს აქვს ტექნიკური მონაცემები მოიგერიოს წყალქვეშა ნავები და ბალისტიკური რაკეტები. აშშ-ის საელჩოს ინფორმაციის თანახმად, USS Ross-ის ვიზიტი კიდევ ერთხელ გაუსვამს ხაზს ამერიკის შეერთებული შტატების ერთგულებას ნატოს მოკავშირეების მიმართ, პარტნიორებთან კავშირის გაძლიერებითა და რეგიონში უსაფრთხოების ხელშეწყობით.

USS Ross-ის ვიზიტის ფარგლებში ამერიკელი მეზღვაურები მოინახულებენ ისტორიულ ადგილებს და გააღრმავებენ პარტნიორობას ქართველ კოლეგებთან. დაგეგმილია ამხანაგური საფეხბურთო მატჩები საქართველოს სანაპირო დაცვის თანამშრომლებთან, საკალათბურთო მატჩი ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტებთან და შეხვედრები ახალგაზრდებთან ბათუმის ამერიკულ კუთხეში. ბათუმში გაიმართა საზეიმო დახვედრის ცერემონია.

„შავი ზღვის რეგიონში ჩვენი მოკავშირეები ევროპაში უსაფრთხოების შენარჩუნებაში კვლავაც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. ეკიპაჟი და მე მოუთმენლად ველით დინამიკურ პირობებში სამხედრო თავსებადობის გაუმჯობესებას და ამ რეგიონის მდიდარი ისტორიისა და კულტურის გაცნობას", - განაცხადა ხომალდის მეთაურმა.

აშშ-ის საელჩოს ინფორმაციის თანახმად, ხომალდი USS Ross აშშ-ის მეექვსე ფლოტის ოპერაციების სამოქმედო არეალში მონაწილეობას იღებს მრავალმხრივ მისიებში, ხელს უწყობს რა რეგიონის საზღვაო უსაფრთხოების დაცვასა და ნატოს ოპერაციებისა და მისიების მხარდაჭერას შავი ზღვის რეგიონში. აშშ-ის საზღვაო ძალების ხომალდები ხშირად ოპერირებენ შავ ზღვაში მონტროს კონვენციისა და საერთაშორისო კანონების შესაბამისად.

XS
SM
MD
LG