Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოფო ვერძეული: ცდილობთ, რომ „კლანს“ ხელში ჩაუვარდეს უზენაესი სასამართლო უვადოდ


თქვენ ვერ იპოვეთ თუნდაც ერთი ადამიანი, რომელიც ემხრობა თქვენი და „სასამართლოს კლანის“ ინტერესების გამტარებელ კანონპროექტს, - განაცხადა ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ (EMC) წარმომადგენელმა, სოფო ვერძეულმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე.

კომიტეტის სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილება სასამართლოებისა და მისგან გამომდინარე კანონებში შესატანი ცვლილებები, რასაც ეწინააღმდეგება როგორც ოპოზიცია, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები. ისინი თვლიან, რომ საკანონმდებლო ცვლილებების განხილვა დაუშვებელია ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის დასკვნის გაცნობამდე.

„ვერ მოახერხეთ, მოგეყვანათ მაინც ვინმე, რომელიც თქვენი და კლანის ინტერესების გამტარებელ კანონპროექტს ფორმალურად მაინც დაუჭერდა მხარს. არავინ ზის ამ დარბაზში, ვინც ამ პოზიციას იზიარებს“, - განაცხადა სოფო ვერძეულმა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე კანონპროექტის შინაარსის განხილვაზე მეტად მნიშვნელოვანია ის მიუღებელი თამაშის წესები, რომელსაც „ქართული ოცნება“ სთავაზობს საზოგადოებას.

„შინაარსზე რომ ვერ ვთანხმდებით, ეს უკვე აღარ არის მნიშვნელოვანი. მთავარია დამოკიდებულება, რომელსაც თქვენ აჩვენებთ და ეს დამოკიდებულება ჩემთვის არის ის, რომ თქვენ გააკეთებთ ყველაფერს, რომ ხვალ ჩინჩალაძეს ხელში ჩაუვარდეს უზენაესი სასამართლო უვადოდ... თქვენ არ გვთავაზობთ ისეთ საჯარო სივრცეს, სადაც ყველას აქვს მონაწილეობისა და აზრის თქმის საშუალება“, - განაცხადა სოფო ვერძეულმა.

მესამე სექტორის წარმომადგენლები 15 აპრილის კომიტეტის სხდომაზე მივიდნენ ერთნაირი მაისურებით, რომლებზეც წერია - "კლანი უნდა წავიდეს".

XS
SM
MD
LG