Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტებს“ მარტო კაცები იმღერებენ


ჯემალ სეფიაშვილის ცნობილ სიმღერას „ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები“ (მორის ფოცხიშვილის ლექსი) 1989 წლის 9 აპრილიდან 30 წლის შემდეგ ისევ იმღერებენ. ოღონდ ამჯერად „ტიტებს“ 25 მომღერალი კაცი შეასრულებს და არც ერთი ქალი.

კომპოზიტორი ჯემალ სეფიაშვილი თავის გადაწყვეტილებას ასე ხსნის:

„ვთვლი, რომ ოჯახის სიძლიერე არის მამაკაცი, ქვეყნის სიძლიერე არის მამაკაცი, ქვეყნის დამცველი არის მამაკაცი და სწორედ ამიტომ ამ სიმღერას ეს 25 მამაკაცი იმღერებს“.

ჯემალ სეფიაშვილი
ჯემალ სეფიაშვილი

ახალი „ტიტების“ პრეზენტაცია, 9 აპრილს, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის პირდაპირ ეთერში უნდა გაიმართოს.

ამიტომ საპროტესი აქციაც, რომელიც კომპოზიტორის გადაწყვეტილებამ გამოიწვია, საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან, 9 აპრილს გაიმართება და მას ასეთი სათაური ექნება:

ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები 17 მოკლული ქალის გარეშე?!“

მოვუწოდებთ პირველ არხს, არ გაუშვათ 30 წლის თავზე, 9 აპრილს პირველი არხის პირდაპირ ეთერში ამ სიმღერის უნამუსო პრეზენტაცია!

მოვუწოდებთ იმ 25 მომღერალ კაცს, არ მიიღონ ამ სამარცხვინო ჩანაწერში მონაწილეობა! მოვუწოდებთ ყველა ადამიანს, ვისთვისაც ის 17 ქალი, ქვეყნის დაცვის სიმბოლოა, ნუ მიიღებთ ამ სამარცხვინო აბსურდის თეატრში მონაწილეობას, რადგან ეს არის იმ 17 ქალის და კიდევ უამრავი სხვა ქალის შეურაცხყოფა, რომლებმაც საკუთარი სამშობლოსთვის გაწირეს თავი! - აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

ქალთა მოძრაობის წევრი, იდა ბახტურიძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ თუ საზოგადეობრივი მაუწყებელი ამ სიმღერას ასეთი ფორმით და ზემოთ ნახსენები კომენტარების შემდგომ ეთერში გაუშვებს, ეს იქნება არა მხოლოდ 9 აპრილს გარდაცვლილი ქალების და მათი ოჯახების, არამედ ყველა საქართველოში მცხოვრები ქალის შეურაცხყოფა:

იდა ბახტურიძე
იდა ბახტურიძე

„თანასწორობაზე, ქალთა უფლებებზე და ფემინიზმზე საუბრისას, მთავარიჩამჭრელიკითხვაა ხოლმე დავასახელოთ სახელოვანი და გმირი ქალები. რა თქმა უნდა, ჩვენ ვიცით, რომ ასეთი ქალები არსებობდნენ, რომლებმაც ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობა, ისტორია და კულტურა საკუთარი შრომის და სიცოცხლის ფასად ჩვენამდე მოიტანეს, მაგრამ, ხშირად, ჩვენ მათი სახელების თქმა არ შეგვიძლია ხოლმე და რატომ, იცით?! იმიტომ, რომ ეს ქალები ზუსტად ისევე გააქრეს ჩვენი ქვეყნის ისტორიიდან, როგორც 30 წლის წინ, 9 აპრილს შეწირული 17 ქალის დაიგნორებას ცდილობს ახლა საზოგადოებრივი მაუწყებელი და ერთ-ერთიმამაკაციკომპოზიტორი. იმ კომპოზიტორის მინდა ვკითხო, რომელიც თვლის, რომ თურმე ამ ქვეყნის მხსნელი, მშველელი და გადამრჩენელი მხოლოდ კაცები არიან, კიდევ რამდენი ქალი უნდა წავიდეს ამ ქვეყნის გადასარჩენად ემიგრაციაში და იქ ნაშრომი ფულით ამ ღატაკ ქვეყანას ლუკმა პური გამოუგზავნოს, რომ თქვენ გეყოთ?! ან რამდენი ქალის სიკვდილი თქვენთვის საჭირო, რომ შეამჩნიოთ ამ ადამიანების თავგანწირვა? - აცხადებს იდა ბახტურიძე.

1989 წლის 9 აპრილს, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე, რომელიც რუსმა სამხედროებმა დაარბიეს, 21 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, 17 ქალი. აი, ისინიც: აზა ადამია, ნათია ბაშალეიშვილი, ეკა ბეჟანიშვილი, ნატო გიორგაძე, თამუნა დოლიძე, თინა ენუქიძე, ნინო თოიძე, ზაირა კიკვიძე, მანანა ლოლაძე, თამარ მამულიშვილი, ვენერა მეტრეველი, ნანა სამარგულიანი, მარინა ჭყონია-სამარგულიანი, ელისო ჭიპაშვილი, თამარ ჭოველიძე, მზია ჯინჭარაძე, მანანა მელქაძე.

30 წლის წინ, როცა „ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები“ პირველად მოისმინა საზოგადოებამ, სიმღერის შემსრულებლებს შორის არაერთი ქალი იყო.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG