Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით სერგეენკო გაფიცულ სოცმუშაკებს 4-პუნქტიან გეგმაზე მუშაობას სთავაზობს


„ბენეფიციარებს სერვისები შეფერხების გარეშე მიეწოდებათ“ - ეს განცხადება დავით სერგეენკომ მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. მინისტრის განმარტებით, სოციალური მუშაკების გაფიცვის გამო, სამინისტრო მუშაობის საგანგებო რეჟიმზეა გადასული.

„დღეს, დამატებით, 15 შტატგარეშე თანამშრომელი ავიყვანეთ. კიდევ 20-ის აყვანის შესახებ ნებართვას, სავარაუდოდ, ხვალ მთავრობის სხდომაზე მივიღებთ და ავიყვანთ. თუ ხანგრძლივი დროის განმავლობაში მოგვიწია მსგავს რეჟიმში მუშაობა, დამატებით კიდევ მინიმუმ 30 თანამშრომლის აყვანა დაგვჭირდება“, - განაცხადა დევნილთა, შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ 27 მარტს.

დავით სერგეენკო მოუწოდებს გაფიცულ სოციალურ მუშაკებს, კვლავაც ითანამშრომლონ სამინისტროსთან 4-პუნქტიანი სამოქმედო გეგმის დასახვეწად და განსახორციელებლად.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით 4-პუნქტიანი გეგმა შეეხება სოციალური მუშაკების რაოდენობისა და საქმიანობის მოცულობის გადახედვას, ეფექტიანი მუშაობის უზრუნველსაყოფად.

„პირველი პუნქტი - „სოციალური მუშაკების სამუშაოების რაოდენობრივი და თვისობრივი მოცულობის გადახედვა“. უკვე დამტკიცდა ბრძანება „სოციალური სამუშაოს ეფექტური განხორციელების ხელშეწყობის შესახებ“, რომლის მიხედვითაც ადმინისტრაციული საქმეებისგან სოციალური მუშაკები უკვე განტვირთულნი არიან. დაიხვეწება საპროცესო წარმომადგენლობის ბიზნეს პროცესი უწყებათაშორის სამუშაო ჯგუფის ფორმატში (CCM), ასევე იგეგმება 20 სპეციალიზებული სოციალური მუშაკის გადამზადდება და ჩართვა საპროცესო წარმომადგენლობაში.

მეორე პუნქტი - „უკუკავშირის და კომუნიკაციის გაძლიერება“. უკვე შექმნილია სოციალური მუშაობის ხელშემწყობი საკოორდინაციო საბჭო, სადაც წარმოდგენილნი არიან სოციალური მუშაკები, სამინისტროს და სააგენტოს ხელმძღვანელი პირები.

მესამე პუნქტი - ტექნიკური ხელშეწყობა. უკვე შესწავლილია სოციალური მომსახურების სააგენტოს სერვისცენტრებში არსებული მდგომარეობა კონფიდენციალური საუბრების ოთახებთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით. რაც შეეხება ტრანსპორტის საკითხს, თითოეულ რეგიონს გადაეცა თითო მანქანა, რომელიც 24 საათის განმავლობაში უშუალოდ სოციალური მუშაკების განკარგვაშია. 15 აპრილამდე დასრულდება ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძიება სხვა სამინისტროებში. აპრილის ბოლომდე დასრულდება ყველა არსებული და საჭირო რესურსის აღწერა.

მეოთხე პუნქტი - სოცმუშაკთა პროფესიული მხარდაჭერა. უკვე დაწყებულია სააგენტოში პროფესიული სუპერვიზიის სამმართველოს შექმნა. უახლოესი დღეების განმავლობაში იქნება მონახაზი სოცმუშაკთა ფუნქციების გაწერის და თანამშრომლების რაოდენობაზე შეთანხმების შესახებ. მოხდება რეგიონული საბჭოების მუშაობის ანალიზი და საჭიროებისამებრ ცვლილების შეტანა“.

მინისტრის თქმით, დაგეგმილია ფსიქოლოგებისა და იურისტების დამატება. თითოეულ რეგიონში არის თითო ფსიქოლოგი. უახლოეს მომავალში თბილისს კიდევ ერთი ფსიქოლოგი დაემატება. ასევე, შესაძლებელია სისტემაში მომუშავე სხვა ფსიქოლოგების ჩართვაც. რეორგანიზაციის ფარგლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით 12 იურისტი დაემატება. კონკურსი უკვე გამოცხადებულია.

დავით სერგეენკოს ინფორმაციით, 2019 წლის განმავლობაში სოციალური მომსახურების სააგენტოს დაემატება 50 სოციალური მუშაკი. კონკურსი უკვე დასრულებულია 30 ვაკანტურ ადგილზე. „ყოველ წელს გაიზრდება სოციალური მუშაკების რაოდენობა და გადაიხედება მათი სახელფასო განაკვეთის ზრდაც, რომელიც გათვალისწინებული იყო 2018 წელს პარლამენტის მიერ შემუშავებულ საქართველოს კანონში „სოციალური მუშაობის შესახებ“, - აცხადებენ სამინისტროში.

სოციალური მომსახურების სააგენტოში დასაქმებული სოციალური მუშაკები საქართველოს მასშტაბით 25 მარტიდან გაიფიცნენ. მათი მოთხოვნებია: ცენტრებში ფსიქოლოგების და იურისტების დამატება; სოციალური მუშაკების რაოდენობის ზრდა; საპროცესო წარმომადგენლობა; ტრანსპორტირების საკითხის მოგვარება; ხელფასების ზრდა, ან ცალკე თანხის გამოყოფა ბენეფიციარებთან გეგმური ვიზიტებისთვის.

XS
SM
MD
LG