Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დეკანოზი მამალაძე საავადმყოფოში რჩება


დოკუმენტზე ხელის მოწერა იყო საჭირო და მარჯვენა ხელით ვერ მოაწერა, - უთხრა რადიო თავისუფლებას დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა, გიორგი ფანცულაიამ.

ადვოკატი დეკანოზთან კლინიკაში გამთენიის ხუთი საათისთვის შეუშვეს.

„მეტყველების პრობლემა აქვს, მარჯვენა მხარეს შეზღუდული აქვს კიდურების მოძრაობა. დოკუმენტზე ხელის მოწერა იყო საჭირო და მარჯვენა ხელით ვერ მოაწერა. ლაპარაკია ინსულტზე. როგორც ექიმებმა გვითხრეს, ინფარქტი თითქმის გამოირიცხა“, - განაცხადა ფანცულაიამ.

ოდნავ მოგვიანებით, დეკანოზი გიორგი მამალაძე მოინახულა ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა. მისი თქმით, მდგომარეობიდან გამომდინარე, კლინიკიდან მისი გაწერა ჯერჯერობით გამორიცხულია.

„არასახარბიელო მდგომარეობა აქვს, რაზეც ჩვენ არაერთხელ ვისაუბრეთ. პირადად შევხვდი მამა გიორგის. მისი მდგომარეობიდან გამომდინარე კლინიკიდან გაწერა გამორიცხულია, რადგან სტაბილური მდგომარეობა არ აქვს. ინსულტის ნიშნები არის, მაგრამ კერას ვერ ნახულობენ. მაგის ძიებაში არიან," - განაცხადა რამიშვილმა.

წინასწარი კვლევებით, დეკანოზ გიორგი მამალაძეს დაუზუსტებელი იშემიური ფორმის სისხლის მიმოქცევის დარღვევა აღენიშნება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა ღუდუშაურის კლინიკის გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ, მარინა გელანტიამ.

„წუხელ, გვიან ღამით შემოყვანილ 34 წლის მამაკაცს აღენიშნებოდა დაბუჟებისა და სისუსტის შეგრძნება მარჯვენა ხელისა და ფეხის მიდამოში. ჩატარდა ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევები. ორგანული დაზიანება არ იქნა დაფიქსირებული. პაციენტი გადაყვანილია ინტენსიურ განყოფილებაში შემდგომი მონიტორინგისთვის", - განაცხადა გელანტიამ.

ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, დეკანოზი გიორგი მამალაძე ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში 15 თებერვალს, ღამით გადაიყვანეს.

XS
SM
MD
LG