დეკანოზ გიორგი მამალაძის მოძღვარი დეკანოზი ნიკოლოზ გიგატაძე მზადაა აზიაროს „ციანიდის საქმეზე“ მსჯავრდებული დეკანოზი. აღნიშნული გადაწყვეტილება მან საპატრიარქოს განცხადების გავრცელების შემდეგ მიიღო. განცხადების თანახმად, მსჯავრდებული დეკანოზის ზიარება ამის მსურველ ნებისმიერ მღვდელმთავარს შეუძლია, თუმცა მან პასუხისმგებლობა თავის თავზე უნდა აიღოს.
„ახლა უკვე კურთხევასავით გამოვიდა ეს ნებართვა, რადგან საპატრიარქომ ასეთი განცხადება გამოაქვეყნა, რომ ნებისმიერ მღვდელმსახურს შეუძლია მივიდეს და დეკანოზი აზიაროს, თუ საჭიროდ ჩათვლის. ზიარებას წინ აღსარება უძღვის, როცა აღსარებას ჩაიბარებს მოძღვარი მერე გადაწყვეტს ზიარების საკითხს.“- „ინტერპრესნისუსს“ დეკანოზმა ნიკოლოზ გიგატაძემ უთხრა, რომ საკითხზე რამდენიმე დღის განმავლობაში ჩამოყალიბდება.
დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრებმა მისი ზიარების მოთხოვნით საპატრიარქოსთან საპროტესტო აქცია გამართეს და კარვები გაშალეს. 5 თებერვალს საპატრიარქომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ აქციამ ეკლესიაზე ზეწოლის სახე შეიძინა. ამავე განცხადებით, პატრიარქმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის ზიარება ნებისმიერ მღვდელმსახურს შეუძლია, ამ სასულიერო პირისვე პირადი გადაწყვეტილებითა და პირადი პასუხისმგებლობით.
დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა, თორნიკე მამალაძე კი აცხადებს, რომ როგორც კანონიკური, ისე მორალური თვალსაზრისით ზიარების გადაწყვეტილება ეკლესიის უმაღლესმა მმართველობამ უნდა მიიღოს.
" ის განცხადება, რაც საპატრიარქომ გააკეთა, არ ნიშნავს ლოცვა-კურთხევის გაცემას მამა გიორგის ზიარებასთან დაკავშირებით. პირიქით, ეს არის მუქარა, ვინაიდან განცხადებაში ლაპარაკია იმ მღვდლის პასუხისმგებლობაზე, რომელიც გაბედავს ჩემი ძმის ზიარებას.
მამა ნიკოლოზი დარწმუნებულია ჩემი ძმის უდანაშაულობაში და მზად არის ის აზიაროს, მაგრამ ჩვენ ვერ დავაყენებთ მას დარტყმის ქვეშ, ვინაიდან მას ამის გამო დასჯიან იმ განცხადების შემქმნელები.
ამიტომაც, ჩემი აქცია-პროტესტი გრძელდება იქამდე, ვიდრე საქართველოს საპატრიარქოს ადმინისტრაცია ამ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე არ აიღებს“, - უთხრა თორნიკე მამალაძემ "ინტერპრესნიუსს".