ბრიტანელმა ფინანსისტმა უილიამ ბრაუდერმა ევროკავშირს გააცნო ზომები, რომლებსაც საჭიროდ მიიჩნევს რუსეთიდან „ბინძური ფულის“ დინების შესაჩერებლად.
მის რეკომენდაციებს შორის არის ცენტრალიზებული სისტემის შექმნა ევროპის ბანკებში ანგარიშების შესახებ ინფორმაციის შესაკრებად და ფინანსური დანაშაულების ხანგრძლივობის ვადის 10 წლამდე გაგრძელება.
ბრაუდერმა სახელი გაითქვა კრემლის მიმართ კრიტიკით მას შემდეგ, რაც წამოიწყო კამპანია რუსეთში კორუფციის ფაქტების გამოსავლენად და იმ მაღალჩინოსნების დასასჯელად, რომლებიც, მისი თქმით, დამნაშავე არიან 2009 წელს სერგეი მაგნიტსკის სიკვდილში.
მაგნიტსკი ბრაუდერის ადვოკატი იყო, როცა ფინანსისტი რუსეთში მუშაობდა და 90-იანი წლების მეორე ნახევრიდან ამ ქვეყანაში უმსხვილეს უცხოელ ინვესტორად ითვლებოდა.
რუსეთის „ბინძური ფულის“ შესახებ რეკომენდაციების შესახებ ბრაუდერმა ისაუბრა ევროპის პარლამენტის სპეციალური კომიტეტის სხდომაზე, რომელზეც ისაუბრეს ფინანსური დანაშაულებისა და გადასახადებისათვის თავის არიდების პრობლემებზე. სხდომის დროს საუბარი შეეხო რუსეთის მოქალაქეების მიერ ფულის გათეთრების საკითხს. ბრაუდერმა განაცხადა, რომ განაგრძობს ბრძოლას „რუსეთიდან ბინძური ფულის“ წინააღმდეგ.
რუსეთში მას დაუსწრებლად აქვს მისჯილი ცხრა წლით პატიმრობა თაღლითობის, გადასახადების გადაუხდელობისა და გაზრახ გაკოტრების ბრალდებებით.
გასული წლის ნოემბერში ბრაუდერს ასევე დაუსწრებლად წაუყენეს მაგნიტსკის მკვლელობის ბრალდება. გამოძიების ვერსიით, მან თავისი იურისტი მოწამლა „დივერსიული ქიმიური იარაღით“. ბრაუდერმა, რომელიც რუსეთის ხელისუფლებას ადანაშაულებს წინასწარი დაკავების იზოლატორში მაგნიტსკის გარდაცვალებაში, „კაფკიანური“ უწოდა მისთვის წაყენებულ ბრალდებებს.