ონლაინ ენციკლოპედიაში "ვიკიპედია" შესწორება შეიტანეს ბრიტანელი მომღერლის, ჯერი სკოტის შესახებ სტატიაში. 24 იანვარს მასში გაჩნდა ჩანაწერი, რომ სიმღერისთვის "Stay with me" მოპარულია ქართველი კომპოზიტორის, რევაზ ლაღიძის მუსიკა.
ონლაინ ენციკლოპედიის "ვიკიპედია" მასალებში შესწორების შეტანა შეუძლია კონკრეტული საკითხით დაინტერესებულ ნებისმიერ პირს. ამ შემთხვევაში შესწორების ავტორი უცნობია.
გასულ კვირაში გამოცემა "popmusic.ge"-მ დაწერა, რომ 1958 წელს ლაღიძის მიერ შექმნილი "თბილისო" 1962 წელს, განსხვავებული ტექსტით, ფირფიტის სახით გამოსცა ბრიტანელმა მომღერალმა ჯერი სკოტმა და ავტორებად მიუთითა საკუთარი თავი და მეუღლე, იგო ფიშერი.
ამ ფაქტის გახმაურების შემდეგ, რევაზ ლაღიძის ოჯახმა სიმღერა "თბილისოს" ავტორობაზე სამართლებრივი დავის დაწყება გადაწყვიტა. ოჯახის ადვოკატმა, ზურაბ ბეჟაშვილმა 28 იანვარს განაცხადა, რომ ამ შემთხვევაში დაირღვა ნაწარმოებზე სახელის უფლება, რაც ავტორის უვადო უფლებაა და მასზე პრეტენზია ყოველთვის შეიძლება ჰქონდეს მემკვიდრეს.
"აქ რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხია: სიმღერა "თბილისო" შეიქმნა 1958 წელს, თბილისის 1500 წლის იუბილეზე, რაც უტყუარი ფაქტია და სადავო არაა. ჯერი სკოტის ჩანაწერი კი დათარიღებულია 1962 წლით. ამ ორ გამოცემას შორის 4 წელი სხვაობაა. ეს მნიშვნელოვანი განსხვავებაა და ცალსახად შეიძლება დავადგინოთ, რომ რევაზ ლაღიძის "თბილისო" არის ორიგინალი, ხოლო ჯერი სკოტის მიერ გამოქვეყნებული ჩანაწერი გადამუშავებული ვერსიაა", - ამბობს ადვოკატი.
2005 წელს გარდაცვლილი მომღერლის, ჯერი სკოტის საავტორო უფლებებს Warner Music-ი იცავს, რომელიც მსოფლიო მუსიკალურ ინდუსტრიაში ერთ-ერთი უმსხვილესი ლეიბლია.