Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გალელების მოთხოვნა, საპროტესტო გამოსვლის მიუხედავად, არ დაკმაყოფილდა


ენგურის ხიდი
ენგურის ხიდი

გალში გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ე.წ. ადმინისტრაციისგან ვერ მიიღეს კონკრეტული პასუხი, თუ როდის მოიხსნება კარანტინი ენგურის ხიდზე. ისინი უკმაყოფილო არიან გალის დე ფაქტო ადმინისტრაციის უფროსთან შეხვედრით და ახლა იმედი აქვთ რაიონის ე.წ. მაჟორიტარი დეპუტატის, კახა პერტაიაიასი, რომელიც მათ დახმარებას დაჰპირდა.

დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატმა გალის საარჩევნო ოლქიდან აფხაზურ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ უშუამდგომლებს გალელებს ე.წ. პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბასთან, რათა პრობლემები კანონის გზით მოგვარდეს.

გალელები ითხოვენ ენგურის ხიდზე მოძრაობის ორმხრივად აღდგენას, ასევე, მათთვის, ვის ე.წ. აფხაზურ პასპორტსაც ვადა ამოეწურა, დაჩქარებული წესით ახალი პასპორტების გაცემას. ამ მოთხოვნით გალის ე.წ. ადმინისტრაციასთან 23 იანვარს აქციაც გამართეს, მოგვიანებით კი დე ფაქტო თავმჯდომარეს, თემურ ნადარაიას, გაესაუბრნენ.

გალში, რომელიც ძირითადად ეთნიკური ქართველებითაა დასახლებული, წლებია ე.წ. პასპორტიზაციის პრობლემა დგას. თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მთავრობა უარს აცხადებს ე.წ. აფხაზური პასპორტები გასცეს მათზე, ვისაც საქართველოს მოქალაქის პასპორტი აქვს,და დროებითი ბინადრობის მოწმობას სთავაზობს. გალელები ამბობენ, რომ ასეთი საბუთით მათი უფლებები იზღუდება, არ არიან თანაბარ პირობებში სხვებთან და მხარეში, სადაც დაიბადნენ და გაიზარდნენ, უცხო ქვეყნის მოქალაქეებად ითვლებიან.

მათ ეს საკითხი დასვეს ე.წ. ადმინისტრაციის უფროსთანაც, თუმცა თემურ ნადარაიასგან სასურველი პასუხი ვერ მიიღეს:

„ხალხი იქედან გამოვიდა, საერთოდ, უიმედოდ. თქვენ პასპორტს არასდროს არ მიიღებთ, რადგან თქვენ არ ხართო აქაური მოქალაქეებიო. იმას (თემურ ნადარაიას) თავისი პრინციპები აქვს, რომ ჩვენ, რაც შეიძლება, შეგვავიწროონ“, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან სატელეფონო საუბარში გალში მცხოვრები რესპონდენტი, რომელსაც უსაფრთხოების დაცვის მიზნით ვინაობის გამხელა არ სურს.

მისი ცნობით, ახლა გალელებს მხოლოდ ე.წ. მაჟორიტარი დეპუტატის იმედიღა დარჩათ. რესპონდენტი დარწმუნებულია, რომ კახა პერტაიას შუამდგომლობით დე ფაქტო მთავრობა მოქალაქეების მოთხოვნებს დააკმაყოფილებს.

თავის მხრივ, გალის დე ფაქტო ადმინისტრაციის უფროსი ირწმუნება, რომ სოხუმი გალელებისთვის პასპორტების გაცემაზე თანხმობას არ გასცემს.

ისეთი რიგებია სუსთან და საავადმყოფოს მთავარ ექიმთან, ახლოს ეზოსთანაც ვეღარ მიხვალ...

„იმას, რასაც თქვენ ითხოვთ, ჰქვია ორმაგი მოქალაქეობის დაშვება საქართველოს მოქალაქეებისთვის, ანუ ერთდროულად იყოთ როგორც საქართველოს, ისე აფხაზეთის მოქალაქეები. ასეთ რამეს სოხუმში არც ერთი სახელმწიფო მოხელე არ იტყვის“, - განაცხადა თემურ ნადარაიამ. შეხვედრის შესახებ რეპორტაჟი გალის ტელევიზიამ გაავრცელა.

დე ფაქტო ადმინისტრაციის უფროსმა მოქალაქეებს ასევე განუმარტა, რომ ენგურის ხიდზე შეზღუდვები მხოლოდ H1N1 გრიპის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით დააწესეს ექიმების რეკომენდაციით. მანვე განმარტა, რომ უშვებენ გამონაკლის შემთხვევებსაც:

„ჩვენ ვატარებთ ავადმყოფ ხალხს. მათ, ვისაც ქიმიოთერაპია სჭირდება, ვატარებთ, ვისაც C ჰეპატიტი აქვს, ვატარებთ. ასევე ვატარებთ სტუდენტებსაც“.

თავის მხრივ, გალელი რესპონდენტი ამბობს, რომ პრობლემები ექმნებათ მათაც, ვისთვისაც დე ფაქტო მთავრობამ გამონაკლისი დაუშვა.ავადმყოფებს აფხაზეთიდან დანარჩენ საქართველოში გადმოსასვლელად ჯანმრთელობის ცნობის წარდგენა სჭირდებათ და ასევე ნებართვის დოკუმენტი ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან, ეს კი საკმაოდ დიდ დროსთან არის დაკავშირებული:

„ისეთი რიგებია სუსთან და საავადმყოფოს მთავარ ექიმთან, ახლოს ეზოსთანაც ვეღარ მიხვალ“, - ამბობს რადიო თავისუფლების რესპონდენტი.

ენგურის ხიდზე მოძრაობა, უკვე მეთოთხმეტე დღეა, შეზღუდულია. ორმხრივად გადაადგილების უფლება ეძლევათ მხოლოდ ენგურჰესის თანამშრომლებს. დე ფაქტო მთავრობამ თავდაპირველად დააანონსა, რომ ხიდზე კარანტინი 2 თვეს გასტანდა, თუმცა გალელები იმედოვნებენ, რომ ეს გადაწყვეტილება მალე შეიცვლება.

XS
SM
MD
LG