Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა ელის ხალხის ანაბრებს „თიბისი ბანკში“?


„ხალხი „თიბისიდან“ ანაბრებს ხომ არ გამოიტანს? - „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებულ ხმაურს მყისიერად მოჰყვა ეს შეკითხვა სოციალურ ქსელებში. ვის აწყობს ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ბანკის დასუსტება? როგორ იმოქმედებს ეს ქვეყნის ეკონომიკაზე და მის ასობით ათას მეანაბრესა თუ კრედიტორზე? ბანკის ნდობა ხომ არ დაიკარგება?

„თიბისი ბანკის“ საქმეზე საზოგადოების დამშვიდება საგანგებო განცხადების გავრცელებით ეროვნული ბანკმა 8 იანვარსვე სცადა. მაშინ, როდესაც გაირკვა, რომ პროკურატურამ ბანკიდან დოკუმენტაცია გამოითხოვა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის (.. ფულის გათეთრების) ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

„თიბისი ბანკი“ კარგად არის კაპიტალიზებული, მისი აქტივები ლიკვიდურია და ამ ეტაპზე მე ვერ ვხედავ, რომ მას რაიმე ფინანსური პრობლემა შეექმნას.
გიორგი კეპულაძე

ეროვნული ბანკის განცხადებით, „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებული საგამოძიებო პროცესი გავლენას არ მოახდენს საბანკო სექტორის მდგრად და ეფექტიან ფუნქციონირებაზე, რასაც მაქსიმალურად უზრუნველყოფს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საზედამხედველო პოლიტიკის არსებობა.

თიბისი ბანკიჯანსაღი საკრედიტო ორგანიზაციაა, გააჩნია ლიკვიდური სახსრების და საზედამხედველო კაპიტალის ადეკვატური დონე, - წერია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ეკონომისტები და ფინანსისტები თანხმდებიან, რომ ყველა, და განსაკუთრებით, ხელისუფლება, დიდი სიფრთხილით უნდა მოეკიდოს საქმეს, როდესაც ის ეხება ისეთ სისტემურ ბანკს, რომლის კლიენტიც საქართველოს ძალიან ბევრი მოქალაქეა და რომელთანაც გადაჯაჭვულია არაერთი ბიზნესი. არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ თუ „თიბისი ბანკს“ პრობლემა შეექმნება - ეს არ იქნება სახელმწიფოს პრობლემა, უთხრა რადიო თავისუფლებას „საზოგადოება და ბანკების“ გამგეობის თავმჯდომარემ გიორგი კეპულაძემ.

როდესაც საუბარია ბანკზე, რომლის აქციონერებიც არიან ძალიან პატივსაცემი საერთაშორისო ორგანიზაციები, მასთან გადაუმოწმებელი ინფორმაციით ომი გონივრული არ არის. რაც შეეხება იმ შიშებს, რაც ბანკის კლიენტებს გაუჩნდათ, მე არ მგონია, რომ ამ მხრივ, დღეს ბანკს რამე პრობლემა შეექმნას. თუმცა საბანკო ბიზნესი ნდობაზე დაფუძნებული ბიზნესია და ამ ნდობაში ბზარის შეტანა პროცესებზე უარყოფითად აისახება. თუმცათიბისი ბანკიკარგად არის კაპიტალიზებული, მისი აქტივები ლიკვიდურია და ამ ეტაპზე მე ვერ ვხედავ, რომ მას რაიმე ფინანსური პრობლემა შეექმნას“.

მსოფლიოს არაერთ ძლიერ ბანკს ჰქონია მსგავსი პრობლემა, საქმეც აღძრულა, უთხრა რადიო თავისუფლებას მოსალოდნელ ფინანსურ საფრთხეებზე საუბრისას საერთასორისო სავაჭრო პალატის პრეზიდენტის მრჩეველმა ნიკო მჭედლიშვილმა, თუმცა, მისი სიტყვებით, ამას არ გამოუწვევია ან ამ ბანკების გაკოტრება, ან მათი რეპუტაციის შელახვა. ის არც „თიბისი ბანკის“ შემთხვევაში მოელის ამას და ფიქრობს, რომ სოციალურ ქსელში გაჩენილი შიში და ერთგვარი აჟიოტაჟიც ამ ეტაპზე უსაფუძვლოა.

ზოგიერთი ექსპერტი ფიქრობს, რომ მომხდარი ფაქტი საერთაშორისო იმიჯს გარკვეულწილად მაინც დააზარალებს და ინვესტორსაც დააფრთხობს.

„როდესაც ინვესტორი ხედავს, რომ ასეთ ძლიერ მოთამაშეს საბანკო სექტორში ასე ღიად შეიძლება დაესხას თავს სახელმწიფო, მაშინ იმ ინვესტორს აქ არ უღირს კაპიტალის დაბანდება. ამის შედეგია ხოლმე, რომ ჩვენთან მოდიან შემთხვევითი ინვესტორები. პერსპექტიული ინვესტორები კი თავს იკავებენ და შემდეგ ეს აისახება ეკონომიკაზე, დასაქმებაზე და ყველაფერზე ერთდროულად“, - გვითხრა ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს" ვიცე-პრეზიდენტმა გია ჯანდიერმა.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG