საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 9 იანვარს დაადასტურა, რომ „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით გამოძიება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის (ე.წ. ფულის გათეთრების) ფაქტზე მიმდინარეობს. საქმეზე გამოკითხულია ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე, მისი მოადგილე ბადრი ჯაფარიძე და ბიზნესმენი ავთანდილ წერეთელი. პროკურატურის განცხადებით, ამ ეტაპზე ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი გამოკვეთილი არ არის. თუმცა გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლით, რომელიც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულს გულისხმობს. „თიბისი ბანკი“ მის მიმართ ზოგიერთი მედიით გავრცელებულ ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს. პოლიტიკურ ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ამ პროცესს, შესაძლოა, პოლიტიკური საფუძველი ჰქონდეს. სოციალურ ქსელში კი ხალხი საკუთარ ანაბრებზე ღელავს.
რატომ დაინტერესდა პროკურატურა ათი წლის წინანდელი საქმით დღეს და რა შეიძლება მოჰყვეს ისეთი ძლიერი ფინანსური ორგანიზაციის გარშემო განვითარებულ ამ მოვლენებს, როგორიც „თიბისი ბანკია“?
რა თქვა პროკურატურამ?
პროკურორმა სალომე ჩიქობავამ მედიას „თიბისი ბანკის“ საქმეზე აცნობა, რომ პროკურატურამ გამოძიება „ფინანსური მონიტორინგის სამსახურის“ მიერ მიწოდებული ინფორმაციის შემდეგ, 2018 წლის აგვისტოში დაიწყო. ამ უკანასკნელმა ,,თიბისი ბანკის“, მისი კლიენტი იურიდიული პირების, ბანკის ადმინისტრატორებისა და ცალკეული აქციონერების ფინანსური აქტივობების შესწავლას 2018 წლის მაისში შეუდგა და დაასკვნა, რომ ამ აქტივობებში ფულის გათეთრებისა და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებების ნიშნები იკვეთებოდა.
მასალა პროკურატურის გარდა, ეროვნულ ბანკსაც გადაეგზავნა. ეროვნულმა ბანკმა საკითხი შეისწავლა და „თიბისი ბანკი“ მილიონი ლარით დააჯარიმა. ამას ადასტურებს თავად „თიბისი ჯგუფიც“ 9 იანვარს გავრცელებულ ინგლისურენოვან განცხადებაში , სადაც იმასაც წერს, რომ ეს გადაწყვეტილება ბანკს გასაჩივრებული აქვს.
პროკურატურის ცნობით, გამოძიებით დადგენილია, რომ 2008 წლის აპრილსა და მაისში, ავთანდილ წერეთლის კუთვნილმა შპს „სამგორი თრეიდმა“ და შპს „სამგორი M”-მა, ,,თიბისი ბანკისგან", სათანადო უზრუნველყოფის გარეშე, დაჩქარებული წესით 17 მილიონ აშშ დოლარამდე სესხი მიიღო.
კომპანიების ანგარიშებზე სესხის თანხის განთავსებისთანავე, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ, ამავე კომპანიებიდან, როგორც ფიზიკურმა პირებმა, ისესხეს ზუსტად იმ ოდენობის თანხა, რაც ,,თიბისი ბანკმა“ საბრუნავი საშუალებების შევსების მიზნობრიობით ასესხა დასახელებულ კომპანიებს. 2008 წლის ბოლოს, „თიბისი ბანკმა“, ეს სესხები, საბანკო რეგულაციებით დადგენილ ვადაზე ადრე, დაუსაბუთებლად ჩამოწერა და გარე საბალანსო ანგარიშზე გადაიტანა. ხოლო 2012 წელს, კომპანიების მიერ სესხის თანხის გადახდის გარეშე, ოფშორში რეგისტრირებული კომპანიის მიერ ჩანაცვლდა. „სამგორი თრეიდს“ და შპს „სამგორი M”-ს სესხები ისე ჩამოეწერა, რომ ამ კომპანიებს სესხის მომსახურებისთვის თანხა საერთოდ არ გაუღიათ და ეს სესხები ბანკს დღემდე არ დაბრუნებია.
გენერალურმა პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს ,,თიბისი ბანკიდან" ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე 2019 წლის 4 იანვარს მიმართა. სასამართლომ მისი შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
პროკურატურის ამ განმარტებამდე ერთი დღით ადრე, თითქმის იგივე სქემასა და მამუკა ხაზარაძის შესაძლო დაპატიმრებაზე წერდა ონლაინ გამოცემა, რომელიც ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით აღნიშნავდა, რომ 2018 წლის მაისში ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა გაშიფრა დანაშაულებრივი სქემა, რომლის თანახმად „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებმა მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ მრავალსვლიანი ფინანსური მაქინაციების მეშვეობით მიითვისეს და გაათეთრეს ბანკის კუთვნილი ათობით მილიონი ლარი.
„თიბისი ბანკის“ პასუხი
„თიბისი ბანკმა“ დუმილი 9 იანვარს დაარღვია და საგანგებო განცხადებაც გაავრცელა. მამუკა ხაზარაძემ მცდარი და მიზანმიმართულად დამახინჯებული უწოდა ზოგიერთი მედიით გავრცელებულ ინფორმაციას ბანკის ფინანსური მაქინაციების შესახებ და თქვა, რომ ეს ყველაფერი ემსახურება ქვეყნის წამყვანი ფინანსური ინსტიტუტისა და მისი დამფუძნებლების რეპუტაციის შელახვას. და რომ „შეთითხნილი ბრალდებები შეგნებულად დამახინჯებულ ფაქტებს ეფუძნება“. ციტატა:
„თიბისი ბანკი“ არის ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსებული მოწინავე საჯარო კომპანია, რომელიც წარმოდგენილია პრემიუმ სეგმენტში (FTSE250 სიაში) და წარმოადგენს მსოფლიოს ხუთივე კონტინენტის ინვესტორთა და აქციონერთა ინტერესებს საქართველოში. სამწუხაროა ის ფაქტი, რომ თიბისი ბანკის არსებობის 27 წლის განმავლობაში, ყველა პოლიტიკური მმართველობის პერიოდში, არაერთხელ ყოფილა თავდასხმის ობიექტი. თიბისი ბანკს და მის მენეჯმენტს გამოუვლია არაერთი კრიზისი და ყველა ხელისუფლების პირობებში ყოველთვის დაუმტკიცებია და მომავალშიც დაამტკიცებს თავის სიმართლეს“.
პროკურატურის მიერ გაკეთებულ კომენტარზე დოკუმენტების ამოღებასთან დაკავშირებით კი ბანკმა განაცხადა, რომ საკითხი ეხება 2008 წლის რიგით, კანონიერ საბანკო ოპერაციას, რომელიც თავის დროზე არაერთხელ შემოწმდა როგორც სახელმწიფო სტრუქტურების და ეროვნული ბანკის მიერ, მოქმედი და წინა ხელისუფლების დროს, ასევე საერთაშორისო აუდიტორების მიერ.
„მოცემული ტრანზაქცია ხანდაზმულია. „თიბისი ბანკი“ ვერ შეეგუება მიზანმიმართული დისკრედიტაციისა და რეპუტაციის შელახვის მცდელობას, ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს ის, და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ადგილობრივ და საერთაშორისო სამართლებრივ ბერკეტს თიბისი ბანკის, მისი დამფუძნებლებისა და საერთაშორისო აქციონერების კანონიერი ინტერესების დასაცავად“, - წერს „თიბისი ბანკი“.
თუმცა პროკურატურა აცხადებს, რომ დანაშაული არის განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის და მისი ხანდაზმულობის ვადა გასული არ არის.
პანიკა მეანაბრეებში
„ხალხი „თიბისიდან“ ანაბრებს ხომ არ გამოიტანს? - „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებულ ხმაურს მყისიერად მოჰყვა ეს შეკითხვა სოციალურ ქსელებში. გაჩნდა სხვადა სხვა ეჭვი - ვის აწყობს ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ბანკის დასუსტება? როგორ იმოქმედებს ეს ქვეყნის ეკონომიკაზე და მის ასობით ათას მეანაბრესა თუ კრედიტორზე?
საზოგადოების დამშვიდება საგანგებო განცხადების გავრცელებით ეროვნული ბანკმა 8 იანვარსვე სცადა. მან თქვა, რომ „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებული საგამოძიებო პროცესი გავლენას არ მოახდენს საბანკო სექტორის მდგრად და ეფექტიან ფუნქციონირებაზე, რასაც მაქსიმალურად უზრუნველყოფს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საზედამხედველო პოლიტიკის არსებობა.
„თიბისი ბანკი“ ჯანსაღი საკრედიტო ორგანიზაციაა, გააჩნია ლიკვიდური სახსრების და საზედამხედველო კაპიტალის ადეკვატური დონე, - წერია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ეროვნული ბანკის განცხადებით, ის მუდმივ ზედამხედველობას უწევს კომერციულ ბანკებს და, მათ შორის, „თიბისი ბანკს”, თუმცა, კანონმდებლობის თანახმად, ეს ღონისძიებები საჯარო არ არის და ამიტომაც, დეტალებზე ეროვნული ბანკი ვერ ისაუბრებს.
ეკონომისტები და ფინანსისტები თანხმდებიან, რომ ყველა, და განსაკუთრებით, ხელისუფლება, დიდი სიფრთხილით უნდა მოეკიდოს საქმეს, როდესაც ის ეხება ისეთ სისტემურ ბანკს, რომლის კლიენტიც საქართველოს ძალიან ბევრი მოქალაქეა და რომელთანაც გადაჯაჭვულია არაერთი ბიზნესი. არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ თუ „თიბისი ბანკს“ პრობლემა შეექმნება - ეს არ იქნება სახელმწიფოს პრობლემა, უთხრა რადიო თავისუფლებას „საზოგადოება და ბანკების“ გამგეობის თავმჯდომარემ გიორგი კეპულაძემ.
„როდესაც საუბარია ბანკზე, რომლის აქციონერებიც არიან ძალიან პატივსაცემი საერთაშორისო ორგანიზაციები, მასთან გადაუმოწმებელი ინფორმაციით ომი გონივრული არ არის. რაც შეეხება იმ შიშებს, რაც ბანკის კლიენტებს გაუჩნდათ, მე არ მგონია, რომ ამ მხრივ, დღეს ბანკს რამე პრობლემა შეექმნას. თუმცა საბანკო ბიზნესი ნდობაზე დაფუძნებული ბიზნესია და ამ ნდობაში ბზარის შეტანა პროცესებზე უარყოფითად აისახება. თუმცა „თიბისი ბანკი“ კარგად არის კაპიტალიზებული, მისი აქტივები ლიკვიდურია და ამ ეტაპზე მე ვერ ვხედავ, რომ მას რაიმე ფინანსური პრობლემა შეექმნას“.
მსოფლიოს არაერთ ძლიერ ბანკს ჰქონია მსგავსი პრობლემა, საქმეც აღძრულა, უთხრა რადიო თავისუფლებას მოსალოდნელ ფინანსურ საფრთხეებზე საუბრისას საერთასორისო სავაჭრო პალატის პრეზიდენტის მრჩეველმა ნიკო მჭედლიშვილმა, თუმცა, მისი სიტყვებით, ამას არ გამოუწვევია ან ამ ბანკების გაკოტრება, ან მათი რეპუტაციის შელახვა. ის არც „თიბისი ბანკის“ შემთხვევაში მოელის ამას და ფიქრობს, რომ სოციალურ ქსელში გაჩენილი შიში და ერთგვარი აჟიოტაჟიც ამ ეტაპზე უსაფუძვლოა.
ზოგიერთი ექსპერტი ფიქრობს, რომ მომხდარი ფაქტი საერთაშორისო იმიჯს გარკვეულწილად მაინც დააზარალებს და ინვესტორსაც დააფრთხობს.
„როდესაც ინვესტორი ხედავს, რომ ასეთ ძლიერ მოთამაშეს საბანკო სექტორში ასე ღიად შეიძლება დაესხას თავს სახელმწიფო, მაშინ იმ ინვესტორს აქ არ უღირს კაპიტალის დაბანდება. ამის შედეგია ხოლმე, რომ ჩვენთან მოდიან შემთხვევითი ინვესტორები. პერსპექტიული ინვესტორები კი თავს იკავებენ და შემდეგ ეს აისახება ეკონომიკაზე, დასაქმებაზე და ყველაფერზე ერთდროულად“, - გვითხრა ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს" ვიცე-პრეზიდენტმა გია ჯანდიერმა.
„თიბისი ბანკის“ საქმეს გამოეხმაურა საქართველოს ბიზნეს ასოციაციაც. მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ქართული საბანკო სექტორი დროთა განმავლობაში ქვეყნის სავიზიტო ბარათად იქცა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების, ფინანსური ბაზრების, ინვესტორებისათვის და ამ მიღწევას ისეთივე მოფრთხილება სჭირდება, როგორც მთლიანად ქართული ეკონომიკის და საინვესტიციო გარემოს იმიჯს.
„საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ყოველთვის იცავდა და დაიცავს მისი წევრი ყოველი კომპანიის ლეგიტიმურ ინტერესებს და ამავდროულად ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ნებისმიერი სამართლებრივი საკითხი, იქნება ეს დავა კერძო სუბიექტებს შორის თუ გამოძიება, უნდა წარიმართოს და გადაწყდეს მხოლოდ კანონის ფარგლებში, ყველა მხარის კანონიერი ინტერესების და საქმიანი რეპუტაციის პატივისცემის გზით“, - აღნიშავს საქართველოს ბიზნეს-ასოციაცია.
ვიმედოვნებთ პროცესი იქნება სამართლიანი და გამჭვირვალე, არსებული შეკითხვები იქნება პასუხგაცემული და „თიბისი ბანკი“, რომელიც არის საფინანსო სექტორის ერთ-ერთი ლიდერი გააგრძელებს აქტიურ განვითარებას, - ასე ეხმაურება ბიზნესომბუდსმენის აპარატი „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებულ გამოძიებას.
პოლიტიკური და ბიზნეს-ინტერესების კვეთაზე
ოპოზიციურ პარტიებში „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით აღძრულმა საქმეს პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა. „ევროპული საქართველოს“ წერვრმა, გიგი უგულავამ საკუთარი ფეისბუკის გვერდზე დაწერა, რომ ამ ფაქტით „მამუკა ხაზარაძეს ივანიშვილი პერსონალურად დაემუქრა“.
„ფაქტია, რომ ბიზნესი თავისუფლად არ/აღარ სუნთქავს. ფაქტი არაა, მაგრამ მაინც ფაქტია, რომ პოლიტიკაში ნამატი გვექნება“, - წერს თბილისის ყოფილი მერი.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემაც მიმდინარე პროცესი ივანიშვილის მხრიდან ბანკზე კონტროლის დამყარების მცდელობად შეაფასა.
რადიო თავისუფლებასთან საუბარში კი მან შენიშნა, რომ საბანკო სისტემის ფინანსური კონტროლის პროცესი დღეს არ დაწყებულა. პირველი ნაბიჯი, რაც ამ კუთხით „ქართულმა ოცნებამ“ გადადგა იყო ეროვნულო ბანკიდან ფინანსური მონიტორინგის სამსახურის გამოყოფა. იმ სამსახურისა, რომელიც ქვეყანაში უკლებლივ ყველა ტრანზაქციას აკონტროლებს. შემდეგ, გოცირიძის თქმით, იყო ეროვნული ბანკის დასუსტების მცდელობა მისგან საბანკო ზედამხედველობის სამსახურის ჩამოშორებით და ბოლოს ის, რომ საგადასახადო ინსპექციას მიეცა პირადი ანგარიშების გაკონტროლების უფლება.
„ეს არის ტოტალური ფინანსური კონტროლის რუსულ გზა, რომელსაც ადგას ბიძინა ივანიშვილი“, - ამბობს რომან გოცირიძე. ეს, მისი შეფასებით, ამ ამბის ფინანსური მხარეა. რაც შეეხება პოლიტიკურს:
„ივანიშვილისთვის მამუკა ხაზარაძე და გიორგი კვირიკაშვილი, ანაკლიის პორტის პროექტის გამო ტანდემად აღიქმებოდა.მათთვის ანაკლია ერთგვარი პოლიტიკური ფარიც კი იყო, რადგან ანაკლიის პორტი ამერიკელებისთის არ არის მხოლოდ ეკონომიკური პროექტი - ის, ხვალ, შესაძლოა, გადაიქცეს სამხედრო ნავსადგურად. ეს დაახლოებით შეიძლება შევადაროთ ედუარდ შევარდნაძის დროს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის გაყვანის ამბავს, რამაც დასავლეთის ინტერესი საქართველოს მიმართ გაზარდა, ხოლო სადაც არის დასავლეთის ინტერესი, იქ არ არის ადგილი ოლიგარქებისთვის. ანაკლიისადმი დასავლეთის ინტერესით კი კვირიკაშვილსა და ხაზარაძესაც გაუჩნდათ პოლიტიკური მოძლიერების შანსი, რაც ცხადია, იგრძნო ბიძინა ივანიშვილმა და ეს შანსი გაანადგურა“.
თუმცა, რომან გოცირიძის შეფასებით, ეს მხოლოდ საქმის ერთი დეტალია. დღეს რა საქმეც ამოტივტივდა „თიბისი ბანკის“ გარშემო, მისი განცხადებით, არის აბსურდული და გამორიცხულია, ასეთი საქმეების ხელახლა ინიცირება ფინანსური მონიტორინგის სამსახურს თავისით მოეხდინა. რომან გოცირიძე საყურადღებოდ მიიჩნევს იმ ფაქტსაც, რომ ამ საქმეში „თიბისი ბანკზე“ დიდ დამნაშავედ იკვეტება ბიზნესმენი ავთანდილ წერეთელი, რომელიც ტელეკომპანია „პირველის“ მფლობელია.
დეპუტატი ვარაუდობს, რომ ეს საქმეც, ისევე როგორც მრავალი სხვა საქმე, დასრულდება არაფრით - დარჩება მხოლოდ დამაშინებელ აქციად ბანკისთვის, რათა ეს აღძრული საქმე მის თავზე დიდხანს ეკიდოს, როგორც დამოკლეს მახვილი.