Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეწყდა "კარვების საქმეზე" სარალიძე-მაჩალიკაშვილის სასამართლო დავა შსს-თან


თბილისის საქალაქო სასამართლოში შეწყდა შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის და პანკისის სპეცოპერაციისას სასიკვდილოდ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამების, ზაზა სარალიძის და მალხაზ მაჩალიკაშვილის სარჩელის განხილვა. დავა ეხებოდა სამართალდამცავების მიერ "ოპერატიული ინფორმაციის" საფუძველზე, „უსაფრთხოების მოტივით“ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, სარალიძეს და მაჩალიკაშვილს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის დაწყების შემდეგ არ აძლევდნენ კარვების გაშლის უფლებას.

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გამართულ სხდომაზე მოსამართლემ, ნანა დარასელიამ სარჩელზე დავა შეწყვიტა იქიდან გამომდინარე, რომ რუსთაველის გამზირზე კარვების დადგმის უფლება უკვე რელიზებულია. სასამართლოს სხდომაზე შინაგან საქმეთა საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ალეკო ნაჭყებიამ განაცხადა, შეზღუდვის წინაპირობები დღეისთვის აღარ არსებობს.

მოსარჩელეთა ინტერესების დამცველი "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარის, სულხან სალაძის შეფასებით, ცუდ პრაქტიკას დაედო საფუძველი, რადგან შსს-მ შესაძლოა, პირს სხვა შემთხვევაშიც შეუზღუდოს კარვის გაშლა გამოხატვის თავისუფლების ნაწილში და ორი თვის შემდეგ თქვას, რომ შეზღუდვის საფუძველი აღარ არის. სალაძის ინფორმაციით, რა ოპერატიულ ინფორმაციას ფლობდა შინაგან საქმეთა სამინისტრო, როცა აქციის მონაწილეებს არ აძლევდა კარვის დადგმის საშუალებას, ამაზე მსჯელობა სასამართლოში არ ყოფილა და ეს იცის მხოლოდ მოსამართლემ და იმ კონკრეტულმა პირმა, ვისი ხელმოწერითაც დოკუმენტი სასამართლოში შევიდა.

„ფაქტია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ თავისი დანაშაული აღიარა, რისი უფლებაც კონსტიტუციით გვქონდა მონიჭებული, იმას გვიკრძალავდნენ, რაც დაადასტურა მოსამართლემ“ - უთხრა ჟურნალისტებს ზაზა სარალიძემ. ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ დღემდე ვერ მიიღეს პასუხი მთავარ შეკითხვაზე, რატომ უკრძალავდნენ კარვების დადგმას. რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან 10 ნოემბრიდან დგას არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების მიერ სარალიძის და მაჩალიკაშვილის მხარდასაჭერად გამართული აქციის დროს გაშლილი კარვები. ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი თბილისში, პარლამენტის შენობასთან აქციას სექტემბრიდან მართავენ შვილების მკვლელობაში დამნაშავეთა დასჯის მოთხოვნით.

XS
SM
MD
LG