რუსეთის ხელისუფლება, რომელმაც ახალი ბრალდებები წაუყენა ბრიტანეთში მცხოვრებ ფინანსისტს, კრემლის ხმამაღალ კრიტიკოს ბილ ბრაუდერს, აცხადებს, რომ ის ახლა ეჭვმიტანილია მისი ახლობლის, სერგეი მაგნიტსკის ათი წლის წინ, მოსკოვის ციხეში სიკვდილთან კავშირში. 19 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებებში, რომლებსაც ბრაუდერმა უკვე უწოდა უსაფუძვლო და "კაფკიანური", სახელმწიფო პროკურორებმა ასევე თქვეს, რომ მათ ბრაუდერს დაუსწრებლად წაუყენეს ბრალი "ტრანსნაციონალური კრიმინალური ჯგუფის" ფორმირებაში.
ეს ბრალდებები ახალი ეტაპია კრემლსა და ბრაუდერს შორის მიმდინარე ბრძოლაში. ბრაუდერი აშშ-ში დაბადებული ბრიტანელია, რომელიც ერთ დროს რუსეთისთვის უმსხვილესი უცხოელი ინვესტორი იყო, თუმცა შემდეგ მთავრობასთან ურთიერთობა დაეძაბა და ახლა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან დაპირისპირებაშია. ტვიტერით გავრცელებულ განცხადებაში ბრაუდერმა პუტინის "სიცხიანი სიზმარი" უწოდა მის დადანაშაულებას ოთხ მკვლელობაში, სერგეი მაგნიტსკის მოწამვლის ჩათვლით, მას შემდეგ, რაც პუტინი სკრიპალების მოწამვლაში გამოიჭირეს. ბრაუდერს მხედველობაში ჰქონდა ინგლისში, მარტში ყოფილი ჯაშუშის, სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილის მოწამვლა, რაშიც ბრიტანეთი რუსეთს სდებს ბრალს და აცხადებს, რომ მოწამვლა განხორციელდა გვიანდელ საბჭოეთში შექმნილი ნერვული ნივთიერებით.