აშშ-ის სენატში რესპუბლიკელთა უმრავლესობის ლიდერმა, მიჩ მაკკონელმა დაბლოკა ორპარტიული კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს სპეციალური პროკურორის, რობერტ მიულერის დაცვას თანამდებობიდან შესაძლო დათხოვნისგან. მიულერი იძიებს 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის და რუსეთის წარმომადგენლების შესაძლო კავშირებს. მაკკონელის განცხადებით, კანონპროექტის მიღების აუცილებლობას ვერ ხედავს, რადგან პრეზიდენტი ტრამპი არ აპირებს ხელი შეუშალოს მიულერის გამოძიებას. რესპუბლიკელი და დემოკრატი სენატორების ნაწილმა რობერტ მიულერის დასაცავად შემუშავებული კანონპროექტის დამტკიცება მას შემდეგ მოითხოვა, რაც გასულ კვირაში, აშშ-ის გენერალური პროკურორის თანამდებობიდან გადადგა ჯეფ სეშნსი და პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პროკურორის მოვალეობას შესრულება დაავალა მეთიუ უიტეკერს. გენერალური პროკურატურის აპარატის ყოფილ ხელმძღვანელს უიტეკერს არაერთხელ გაუკრიტიკებია სპეციალური პროკურორის რობერტ მიულერის გამოძიება. თავად აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გამოძიებას კუდიანებზე ნადირობად აფასებს.
ყველაზე პოპულარული
1