Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოთარ კახიძემ პროტესტი გამოუცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს


ოთარ კახიძე
ოთარ კახიძე

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ოთარ კახიძემ. პროტესტი იმ ფაქტს მოჰყვა, რომ კომიტეტმა სხდომის დღის წესრიგში არ შეიტანა დადგენილების პროექტი, რომლითაც „ევროპული საქართველო“ მოითხოვს ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის ფაქტის შესწავლის შედეგად მომზადებული რეკომენდაციების შესრულებას. ამ საკითხის განხილვა პარლამენტის ბიურომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტს 12 ნოემბერს დაავალა. „ევროპული საქართველოს“ მიერ მომზადებული დადგენილების პროექტით, პარლამენტმა შსს-ს და მთავარ პროკურატურას უნდა მოუწოდოს რეკომენდაციების დაუყოვნებლივ შესრულება და პარლამენტს 10 დღის ვადაში წარუდგინონ ანგარიში რეკომენდაციების შესრულების შესახებ.

პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაში უმრავლესობით მყოფი „ევროპული საქართველოს“ ძირითადი რეკომენდაციებია საქმეში მოწმის სტატუსის მქონე მ.კ-ს მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება, პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის მირზა სუბელიანის ქმედებების გამოძიება და პასუხისმგებლობის საკითხის დასმა იმ პირებისა, რომლებმაც გამოძიება არასწორად და დარღვევებით წარმართეს.

იურიდიული კომიტეტის დღევანდელი სხდომის პროტესტის ნიშნად დატოვების შემდეგ ოთარ კახიძემ განაცხადა, რომ „ქართულ ოცნებას“ არ აქვს პოლიტიკური ნება დასვას პასუხისმგებლობის საკითხი იმ პირებისა, რომლებიც საგამოძიებო კომისიამ გამოკვეთა და საქმეს მეასეხარისხოვნად მიიჩნევს.

XS
SM
MD
LG