Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროკურატურამ დაზარალებულად ცნო ყოფილი გენერალური აუდიტორი ლაშა თორდია


ალეკო ცქიტიშვილი
ალეკო ცქიტიშვილი

ყოფილი გენერალური აუდიტორის ლაშა თორდიას ინტერესების დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციის, „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ხელმძღვანელის ალეკო ცქიტიშვილის ინფორმაციით, დღეს პროკურატურიდან შეატყობინეს, რომ ლაშა თორდიას დაზარალებულის სტატუსი მიანიჭეს. ცქიტიშვილის განცხადებით, თორდიას დაზარალებულად ცნობას უშედეგოდ ითხოვდნენ გამოძიების დაწყებისთანავე, 2017 წლის მაისიდან.

ალეკო ცქიტიშვილის თქმით, „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ თავიდანვე აპროტესტებდა და დღესაც მიუღებლად მიიჩნევს იმ ფაქტსაც, რომ საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც ცემას გულისხმობს. ამ მუხლით ჩადენილი დანაშაული ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 120-დან 180 საათამდე, ან შინაპატიმრობით ექვსი თვიდან ერთ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

ალეკო ცქიტიშვილის განმარტებით, ლაშა თორდიაზე ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის თავდასხმა უკავშირდებოდა თორდიას, როგორც გენერალური აუდიტორის საქმიანობას და არა მის პირად ცხოვრებას, რადგან საქმე ეხებოდა აუდიტის დასკვნას სავარაუდო კორუფციულ გარიგებასთან ფარცხალაძის კავშირის შესახებ.

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ გამოძიების გააქტიურებას მიესალმება, თუმცა კვლავ მოითხოვს, რომ პროცესი წარიმართოს სისხლის სამართლოს კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, რაც გულისხმობს სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენელზე თავდასხმას. ეს დანაშაული ისჯება ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობით, ჯანმრთელობის ხელყოფის შემთხვევაში კი, შვიდიდან თერთმეტ წლამდე პატიმრობით.

"ადამიანის უფლებათა ცენტრის" ხელმძღვანელის ალეკო ცქიტიშვილის განცხადებით, რადგან საქმე ეხება მნიშვნელოვანი კონსტიტუციური ორგანოს - აუდიტის სამსახურის საქმიანობას, აუცილებელია, საგამოძიებო პროცესში ჩაერთოს პარლამენტი და განახორციელოს ეფექტური კონტროლი. საქართველოს გენერალურ აუდიტორს სწორედ პარლამენტი ირჩევს.

XS
SM
MD
LG