ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის ადვოკატი ზაზა ხატიაშვილი ტელეკომპანიებს „რუსთავი 2“-ს და „იბერიას“ ადანაშაულებს ვანო ჩხარტიშვილის დისკრედიტაციასა და საქმიანი რეპუტაციის შელახვაში. ხატიაშვილის ინფორმაციით, ამ მედიასაშუალებებით გავრცელებული აუდიოჩანაწერების ავთენტურობის გასარკვევად მიმართეს ლონდონის ორ ცნობილ საექსპერტო ბიუროს, რომლებმაც დაადგინეს, რომ სამივე ფარული აუდიოჩანაწერი ხელით მანიპულირებული, გადაკეთებული, ან სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ადგილას გაკეთებული ჩანაწერების მონტაჟია. ადვოკატის განცხადებით, ეს დასკვნა გამოიტანეს ლონდონის ექსპერტიზის ბიუროებმა, Audio Forensic Services-მა და Diligence-მა. ზაზა ხატიაშვილის ინფორმაციით, Audio Forensic Services-ის დასკვნით, ერთ-ერთ ჩანაწერში აღინიშნება 8 სხვადახვა ჩანაწერის გამოყენება და 6 მონტაჟი, Diligence-მა კი დაადგინა, რომ აუდიოჩანაწერებში არსებობს წყვეტა და სამი აუდიო ჩანაწერის ექსპერტიზის ჩატარების შედეგად აღმოჩენილია თორმეტი ანომალია.
“მე, დღეს არასამთავრობო სექტორს გავაცანი აღნიშნული დასკვნები და ვთხოვე შეაფასონ ტელეკომპანიების მხრიდან დამონტაჟებული და ფალსიფიცირებული მასალების გამიზნულად გავრცელების აღმაშფოთებელი ფაქტები. ასევე მივმართე „რუსთავი 2“-ს და„იბერიას“, რომ შეწყვიტონ ყალბი და დამონტაჟებული ფარული ჩანაწერების მეშვეობით ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ვანო ჩხარტიშვილის დისკრედიტაციის კამპანია, რომელიც ლახავს მის რეპუტაციას და არის დამაზიანებელი მისი საქმიანობისთვის. ჩვენ უკვე მივმართეთ ლონდონის ერთ-ერთ წამყვან აუდიტორულ კომპანიას, რათა მან დაადგინოს ამ უსაფუძვლო და ცილისმწამებლური კამპანიისაგან მიღებული ზარალის ოდენობა”- განაცხადა თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე ზაზა ხატიაშვილმა. მისი ინფორმაციით, სასამართლო დავას დაიწყებენ არა მხოლოდ "რუსთავი 2"-ის და "იბერიის," არამედ მათი ხელმძღვანელების, ნიკა გვარამიას და ზაზა ოქუაშვილის წინააღმდეგ და ბრიტანელი ექსპერტები მზად არიან დაესწრონ სასამართლო პროცესს. ხატიაშვილის განცხადებითვე, ბრიტანელი ექსპერტების დასკვნას გასაცნობად გაუგზავნის დიდი ბრიტანეთის, აშშ-ის, გერმანიის და საფრანგეთის საელჩოებს.