Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ შექმნილ ჟენევის ფორმატს ათი წელი უსრულდება


ჟენევაში იწყება საერთაშორისო დისკუსიების 45-ე რაუნდი. თბილისის დელეგაციის ხელმძღვანელის, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით დონდუას ინფორმაციით, ქართული მხარე ისაუბრებს საოკუპაციო ხაზთან მშვიდობიანი მოქალაქეების, მათ შორის მაია ოთინაშვილის გატაცებაზე, ე.წ. საზღვრის გავლების პროცესის გაგრძელებაზე, ადგილობრივი მოსახლეობისთვის საკუთარ საცხოვრებელსა და მიწაზე წვდომის აკრძალვასა და ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციაზე.

დავით დონდუას განცხადებით, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების დაწყებიდან 10 წელი სრულდება და ერთგვარად საიუბილეო, 45-ე რაუნდი იქნება კარგი საშუალება იმაზე სასაუბროდ, თუ რა გაკეთდა, რას ვერ მიაღწიეს და რა ნაბიჯებია გადასადგმელი კონფლიქტის მოსაგვარებლად. საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში დავით დონდუამ ჟენევის დისკუსიებს უწოდა უნიკალური და კარგი ფორმატი, რომელიც არ ნიშნავს წელიწადში მხოლოდ ოთხჯერ შეხვედრას. „ეს არის საკმაოდ დიდი მექანიზმი, რომელიც მოიცავს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ყოველთვიურ შეხვედრებს, ტექნიკურ შეხვედრებს, ცხელ ხაზს, რომელიც 24 საათი მოქმედებს, თანათავმჯდომარეების ვიზიტებს საქართველოში და კონფლიქტურ მხარეებს, ანუ საქართველოსა და რუსეთს შორის მედიაციას მთელი წლის განმავლობაში” - განაცხადა დავით დონდუამ. მისი შეფასებით, ჟენევის ფორმატის დამსახურებაა, რომ ბოლო ათი წლის განმავლობაში არ მომხდარა კონფლიქტის უფრო მეტად ესკალაცია, იმ ფონზე, როცა რუსეთი არ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს.

„რუსეთს არ გაუყვანია თავისი ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან. პირიქით, ხდება მუდმივი როტაცია, შეიარაღების განახლება, წვრთნები, საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევა, გატაცებები, მავთულხლართები, ყოველდღიური პროვოკაციები და ამის ფონზე ვინარჩუნებთ მეტნაკლებ სტაბილურობას, რაც მედიაციისა და ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატის დამსახურებაა. ეს კარგია, მაგრამ არ არის საკმარისი იმისათვის, რომ კონფლიქტის მოგვარების პროგრესზე ვილაპარაკოთ. ამ მიმართულებით კიდევ უფრო მეტია გასაკეთებელი და ამ მოუგვარებელი კონფლიქტის პირობებში უნდა მოვახერხოთ და ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მის მიმდებარე ტერიტორიებზე მცხოვრებთათვის შევქმნათ უკეთესი პირობები. ეს ეხება უსაფრთხოებას და ჰუმანიტარული თვალსაზრისით არსებულ ვითარებას. ეს არის ის, რაც მომავალშია გასაკეთებელი” - განაცხადა დავით დონდუამ. ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 45-ე რაუნდი 10 ოქტომბერს დასრულდება.

ჟენევის ფორმატი რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ შეიქმნა და პირველი შეხვედრა 2008 წლის 15 ოქტომბერს გაიმართა. დისკუსიის თანათავმჯდომარეები არიან ევროკავშირი, ეუთო და გაერო. შეხვედრებში მონაწილეობენ საქართველოს, აშშ-ის, რუსეთის და აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკების წარმომადგენლები.

XS
SM
MD
LG