რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია ლუგარის ლაბორატორიის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ. მისი განმარტებით, ბოლო სამი კვირის განმავლობაში ლუგარის ცენტრთან დაკავშირებით რუსული საინფორმაციო საშუალებები C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამასაც შეეხნენ, თუმცა ცენტრში ავადმყოფებს არ მკურნალობენ.
"დაავადებათა კონტროლის ცენტრი პასუხისმგებელია C ჰეპატიტის დროულ დიაგნოსტიკაზე, სკრინინგზე, ინფექციის კონტროლზე, სისხლის გადასხმის კონტროლზე, მაგრამ არამც და არამც ჩვენ ლუგარის ცენტრში არ ვაწარმოებთ ავადმყოფთა მკურნალობას, რაც თავის გამოსვლაში რამდენჯერმე აღნიშნა იგორ გიორგაძემ.“-განმარტა ამირან გამყრელიძემ. მისი თქმით, ლუგარის ლაბორატორია საქართველოს ჯანდაცვის და მეცნიერების სისტემის ძალიან დიდი შენაძენია, რუსეთის მხრიდან კი, ამ შენაძენის დისკრედიტაცია ხდება.
ამირან გამყრელიძის თანახმად, მიმდინარე წლის 14-15 ნოემბერს საქართველო უმასპინძლებს გაეროს შესაბამისობის საერთაშორისო სავარჯიშოს რიჩარდ ლუგარის სახელობის ცენტრში, რაც მის ტრანსპარანტულობას უზრუნველყოფს.
„აღნიშნული ღონისძიება ტარდება საქართველოსა და გერმანული მხარეების ორგანიზებით და მასში მონაწილეობას მიიღებენ ბიო-ექსპერტები 20-ზე მეტი ქვეყნიდან.“- ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ღონისძიებაში მონაწილეობისთვის მიწვევა გაეგზავნათ რუს ექსპერტებსაც, თუმცა მათ უარი განაცხადეს.