შეწყალების საკითხთა კომისიამ ვერ შეძლო საქართველოს პრეზიდენტისთვის მიეცა დადებითი რეკომენდაცია დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებისთვის. კომისიის თავმჯდომარის, ზვიად ქორიძის ინფორმაციით, გიორგი მამალაძის საქმე კომისიამ განიხილა განსაკუთრებული წესით, რადგან მას არ აქვს მოხდილი სასჯელის ნახევარი, როგორც ამას ითვალისწინებს შეწყალების პროცესის დებულება. ზვიად ქორიძის განმარტებით, ამ წესის თანახმად, კომისიის სხდომას უნდა ესწრებოდეს სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეოთხედი და დადებითი რეკომენდაცია უნდა მიიღოს სრულმა შემადგენლობამ, ანუ ყველამ ვინც ესწრება კომისიის სხდომას. „გიორგი მამალაძის საქმის განხილვისას კომისიის წევრთა სრული კონსენსუსი არ შედგა და პრეზიდენტს, შესაბამისად, დადებითი რეკომენდაცია კომისიამ ვერ მისცა. პრეზიდენტმა კომისიის პოზიცია გაიზირია” - განაცხადა ზვიად ქორიძემ.
„ციანიდის საქმეზე“ მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ადვოკატებმა საქართველოს პრეზიდენტს აგვისტოში მიმართეს მათი დაცვის ქვეშ მყოფის შეწყალების თხოვნით.
2017 წლის სექტემბერში, თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი მამალაძე დამნაშავედ ცნო კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის განზრახ მკვლელობის მომზადებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვაში და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 2018 წლის თებერვალში, საქალაქო სასამართლოს განაჩენი უცვლელად დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლომ. 2018 წლის აგვისტოში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ გაიზიარა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და უარი თქვა ადვოკატების საკასაციო საჩივრის განხილვაზე.