Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"იბერიის" დამფუძნებელი უარყოფს, რომ გავრცელებული ჩანაწერები ხუთი წლისწინანდელია


"იბერიის" თანამრომელთა აქცია პარლამენტთან. თბილისი, 2018 წლის 10 სექტემბერი
"იბერიის" თანამრომელთა აქცია პარლამენტთან. თბილისი, 2018 წლის 10 სექტემბერი

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი შეხვდა ტელეკომპანია „იბერიის“ თანამშრომლებს და დამფუძნებლებს, რომლებიც ხელისუფლებას ზეწოლაში ადანაშაულებენ. „პრეზიდენტმა გამოიტანა დასკვნა, რომ აუცილებელია ქვეყანაში დაცული იქნას თავისუფალი სიტყვა და თავისუფალი ბიზნესი“ - განუცხადა ჟურნალისტებს „იბერიის“ მფლობელი „ომეგა ჯგუფის“ ერთ-ერთმა ყოფილმა ხელმძღვანელმა, პარლამენტის წევრმა „პატრიოტთა ალიანსიდან“ ნატო ჩხეიძემ. მან უარყო პარლამენტის ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის განცხადება, რომ ახლახან გავრცელებული აუდიოჩანაწერები ხუთი წლისწინანდელია. ჩხეიძის თქმით, საუბარი ჩაწერილი არ არის არც ხუთი და არც სამი და ორი წლის წინ. შეკითხვას, ახალია თუ არა ჩანაწერი, ნატო ჩხეიძემ ჟურნალისტებს უპასუხა, რომ ამაზე თავად იფიქრონ. მისივე თქმით, პირადად არ აპირებს მიმართოს საგამოძიებო ორგანოებს. „მაგათი გამოძიება ეს არის, რომ ამბობენ ჩანაწერები ხუთი წლისწინანდელიაო. ან მიზანმიმართულად მიაწოდეს ჩუგოშვილს ეს ინფორმაცია გასავრცელებლად, ან არაკომპეტენტურები არიან. ჩემთვის ერთიც სამწუხაროა და მეორეც. ამიტომ მე პირადად არ ვფიქრობ, რომ გამოძიებასთან მქონდეს რაიმე ურთიერთობა,"- განაცხადა ნატო ჩხეიძემ.

ბოლო დღეებში ტელეკომპანიიებმა "იბერიამ" და "რუსთავი 2"-მა გაავრცელეს სავარაუდოდ, სპორტის და ახალგაზრდობის ყოფილი მინისტრის, ლევან ყიფიანის და „იბერიის“ მფლობელი „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის საუბრის ჩანაწერები, სადაც სავარაუდოდ, ყიფიანი ლაპარაკობს ტელეკომპანიის დათმობაზე და იმაზე, რომ „ომეგა ჯგუფის“ პრობლემებს ორ მილიონად მოაგვარებს ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი, უჩა მამაცაშვილი.

საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა „ქართული ოცნებიდან“ თამარ ჩუგოშვილმა დღეს ჟურნალისტებს უთხრა, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციით, აუდიოჩანაწერები ხუთი წლისწინანდელია. „მე ეს ინფორმაცია მაქვს. შეიძლება, ვცდები, თუმცა მითხრეს, რომ წლებისწინანდელ საუბარზეა ლაპარაკი. არ ვიცი, თვითონ საგამოძიებო ორგანოები თუ ჩათვლიან, რომ დანაშაულის ნიშნებია, აუცილებლად მიაქცევენ ამას ყურადღებას“ - განაცხადა ჩუგოშვილმა. მისივე თქმით, არაკეთილსინდისიერი საქციელია მფლობელების, კომპანიების და ბიზნესმენების მხრიდან მედიის უპრინციპოდ გამოყენება გადასახადებისა და სახელმწიფო ვალდებულებების შესრულების თავიდან ასაცილებლად. გავრცელებული აუდიოჩანაწერების საფუძველზე გამოძიების დაწყება მოითხოვა საპარლამენტო ოპოზიციამ.

„იბერიის“ თანამშრომლები ხელისუფლებას ადანაშაულებენ „ომეგა ჯგუფისთვის“ ფინანსური პრობლემების შექმნის გზით ტელეკომპანიის ხელში ჩაგდების მცდელობაში. 10 აგვისტოს, „იბერიის“ თანამშრომლებმა თბილისში გამართეს საპროტესტო აქციები და რამდენიმე საათით შეაჩერეს არხის მაუწყებლობა. საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა 10 აგვისტოს განაცხადა, რომ „ომეგა ჯგუფი“ მედიასაშუალებას შანტაჟის იარაღად იყენებს და ამ გზით ცდილობს თავი აარიდოს გადასახადების გადახდას.

XS
SM
MD
LG