Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქმის არსებით განხილვამდე თემურ აბაზოვი პატიმრობაში დატოვეს


თემურ აბაზოვის სასამართლო პროცესი
თემურ აბაზოვის სასამართლო პროცესი

რუსთავის საოლქო სასამართლომ, საქმის არსებით განხილვამდე, წინასწარ პატიმრობაში დატოვა მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი. 6 სექტემბერს გამართულ გამწესრიგებელ სხდომაზე მოსამართლე მადონა მაისურაძემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა, საქმის დასრულებამდე აბაზოვის სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლების შესახებ. ბრალდების და დაცვის მხარის არგუმენტების 11-საათიანი მოსმენის შემდეგ, მოსამართლემ მარნეულის ყოფილი მერის და კიდევ სამ პირის, მათ შორის პარლამენტის წევრ აზერ სულეიმანოვის, საქმის არსებითი განხილვა 20 სექტემბერს დანიშნა.

მოსამართლე მადონა მაისურაძე
მოსამართლე მადონა მაისურაძე

​აბაზოვი 13 ივნისს დააკავეს მარნეულელი ელჩინ ალახვერდიევის წინააღმდეგ „ჯგუფურად განხორციელებული არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის“ ფაქტზე, საქმეში ფიგურირებული სამი პირი, რომლებსაც თანამონაწილეობა ბრალდებათ, გირაოთი არიან გათავისუფლებულები საქმის დასრულებამდე.

6 სექტემბერს გამართულ პროცესზე, პროკურორებმა აბაზოვს დამატებითი ბრალდება წაუყენეს - პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის მოპოვება, ორგანიზება, ინტერნეტითა და სოციალური ქსელებით გავრცელება. მოსამართლემ ახალი ბრალდება დასაშვებად ცნო.

თემურ აბაზოვი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. ამასთან ბრალდებულმა მოსამართლეს განუცხადა, რომ მას არ აძლევენ ოჯახის წევრებთან კომუნიკაციის საშუალებას, ტელეფონით თუ წერილობით. სხდომის შემდეგ ბრალდებულთა ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ გამოძიება მხოლოდ ერთი მოწმის ჩვენებას ეყრდნობა, და პროცესუალური ნორმების დარღვევით ჩატარდა.

ადვოკატი გაგი მოსიაშვილი
ადვოკატი გაგი მოსიაშვილი

„საგამოძიებო ორგანომ კერძო საკუთრებიდან ამოიღო კერძო ნივთი, რომელიც არ იყო სასამართლოს კონტროლქვეშ დაკანონებული. ეს არის პროცესუალური, მაგრამ არსებითი სახის დარღვევა. სასამართლომ ამაზე თვალი დახუჭა“, თქვა გაგი მოსიაშვილმა სხდომის შემდეგ, ბრალის დამძიმების ფაქტის კომენტირებისას. მისივე თქმით, მოსამართლის ერთადერთი ობიექტური გადაწყვეტილება ის იყო, რომ ადვოკატების მტკიცებულებები დაუშვა.

„მზად ვართ აბაზოვის და საქმეში ფიგურირებული პირების უდანაშაულობა დავადასტუროთ, საქმის არსებით განხილვაზე“, თქვა ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა. ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის პროკურორმა ლევან ჯალაღანიამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ მოსამართლე სამართლიანად მოიქცა, როცა ბრალდების მხარის ყველა მტკიცებულება დასაშვებად ცნო.

პროკურორი ლევან ჯალაღანია
პროკურორი ლევან ჯალაღანია

„ჩვენ კანონის დაცვით მოვიპოვეთ ყველა მტკიცებულება“, თქვა ლევან ჯალაღანიამ. მისი თქმით, ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ ყველა მტკიცებულებას სასამართლო 20 სექტემბერს „დიდი ალბათობით“ გაიზიარებს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში თემურ აბაზოვს 5-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

XS
SM
MD
LG