Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კონგრესმენი ნუნესი ტრანსადრიატიკის გაზსადენის მხარდასაჭერად თბილისშიც იმყოფებოდა


დევინ ნუნესი
დევინ ნუნესი

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარემ, დევინ ნუნესმა განაცხადა, რომ რუსულ გაზზე დასავლეთ ევროპის დამოკიდებულების შემცირება ერთადერთი საშუალებაა რუსეთისგან მომდინარე გამოწვევებზე საპასუხოდ. „თუ ჩვენ შევძლებთ ამერიკული თხევადი გაზის ექსპორტირებას, დასავლეთ ევროპისთვის გაზის მიწოდების გაზრდას და ტრანსკასპიური მაგისტრალით იტალიაში გაზის ტრანსპორტირებას, ორი საიმედო წყარო გვექნება“ - განუცხადა ტელეკომპანია Fox News-ს დევინ ნუნესმა. რესპუბლიკელი კონგრესმენის თქმით, ამ გეგმის განხორციელება რეალურ გავლენას მოახდენს გერმანიაზე, რათა მხოლოდ რუსული გაზის იმედი არ ჰქონდეს და აღარ აგრძელებდეს „რუსი დათვისთვის“ ფულის გადახდას. პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია რუსეთიდან გერმანიაში გაზის ტრანსპორტირებისთვის მშენებარე მილსადენის, „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის საპირწონედ მიიჩნევს ტრანსადრიატიკის გაზსადენს, რომლითაც კასპიური გაზი უნდა მიიღონ იტალიამ და დასავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებმა. კონგრესმენმა ნუნესმა განაცხადა, რომ რუსული პროპაგანდისტული მანქანა იტალიაში ავრცელებს დეზინფორმაციას, რათა ხელი შეუშალოს ტრანსადრიატიკის გაზსადენის მშენებლობას. ეს მილსადენი უნდა იქცეს ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენის გაგრძელებად. ტრანსადრიატიკის პროექტის მხარდასაჭერად დევინ ნუნესი ახლახან იმყოფებოდა რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის აზერბაიჯანსა და საქართველოში. 10 აგვისტოს კონგრესმენი ნუნესი ბაქოში შეხვდა აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს, 12 აგვისტოს კი თბილისში საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მამუკა ბახტაძეს.

XS
SM
MD
LG