Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთავრობამ დაამტკიცა დადგენილება "ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიის" შესახებ


საქართველოს მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცა დადგენილება ,,ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეთა მკვლელობაში, გატაცებაში, წამებასა და არაჰუმანურ მოპყრობაში, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებაში, აგრეთვე ამ დანაშაულთა დაფარვაში ბრალდებულ და მსჯავრდებულ პირთა სიის - „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ და საქართველოს მთავრობის მიერ გასატარებელი შესაბამისი ღონისძიებების თაობაზე.“

მთავრობის სხდომის დაწყებამდე პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ პარლამენტის მიერ 21 მარტს მიღებული რეზოლუციის საფუძველზე, მთავრობის მიერ მომზადებულ „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში“ ჯერჯერობით შეყვანილია 33 პირი, რომლებიც მხილებულნი არიან ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადენილ მკვლელობაში, გატაცებასა, წამებაში და ამ დანაშაულთა დაფარვაში. ბახტაძის განმარტებით, დღეს წარმოდგენილი სია ამომწურავი არ არის, რადგან სამართალდამცავები გამოძიებას აგრძელებენ და სია შესაძლოა, გაიზარდოს. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის ინფორმაციით, მთავრობის დადგენილების თანახმად, „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ აღსრულებაზე პასუხისმგებლები არიან საგარეო საქმეთა და იუსტიციის სამინისტროები.

მთავრობის დადგენილება დღეს პარლამენტს გაეგზავნება, რის შემდეგაც ცნობილი გახდება, ვინ არიან სიაში შეყვანილი პირები. მათ შორის ბუნებრივია, არიან გიგა ოთხოზორიას მკვლელობისთვის მსჯავრდებული აფხაზი მესაზღვრე რაშიდ კანჯი-ოღლი და არჩილ ტატუნაშვილისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთასა და მის ჯგუფურად წამებაში დახმარებისთვის ბრალდებულები, ოკუპირებული ახალგორის ე.წ პროკურორის თანაშემწე დავით გურწიევი და ე.წ უშიშროების კომიტეტის ახალგორის განყოფილების უფროსი, ალიკ ტაბოევი.

XS
SM
MD
LG